საქართველოში 50 000 ბავშვი სიღატაკის ზღვარზეა
საქართველო უთანასწორობის მაღალი დონის მიხედვით მეორე ქვეყანაა ევროპაში.
საქართველოს 0-16 წლის ბავშვების 27% სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, – ამ ინფორმაციას “იუნისეფი” ავრცელებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე ოჯახები, რომლებსაც ბავშვები არ ჰყავთ და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი:
“სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი 2011 წელს 25%-დან 2013 წელს 27%-მდე გაიზარდა, რადგან სოციალური დანახარჯები უფრო მეტად სხვა დაუცველ ჯგუფებზე იყო მიმართული.”, – წერია კვლევაში.
გარდა ამისა, “იუნისეფის” კვლევამ აჩვენა, რომ 2012-2013 სასწავლო წელს უღარიბეს ოჯახებში 17 წლის ასაკის ბიჭების მხოლოდ 53 % დადიოდა რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 18 წლის ასაკის ბიჭებისთვის ეს მაჩვენებელი 47 პროცენტამდე ეცემა.
„ყველა ბავშვისთვის სოციალური დაცვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი,“ – აცხადებენ „იუნისეფში.“
ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვაში, რომ ამ სისტემამ გაითვალისწინოს შეღავათები ბავშვებისათვის. კვლევის თანახმად, რეკომენდებულია ფულადი შეღავათი ყველა ბავშვისთვის, გარდა იმ ბავშვებისა, რომელთაც ეს არ სჭირდებათ, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბავშვთა სიღარიბეს.
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საპარლამენტო კომიტეტში სიღატაკის ზღავრზე მყოფი ბავშვებისათვის სახლმწიფომ დახმარების ინიციატივას განიხილავენ. შესაძლოა საკანონმდებლო დონეზე წლის ბოლოსთვის შემუშავდეს პროექტი.
სტატისტიკური მონაცების მიხედვით, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელმა 25%–დან 19%–მდე იკლო, ჩვენ დავაკვირდებით ასეთი ოჯახების მდგომარეობას ქვეყანაში. სავარაუდოდ სექტემბრიდან პარლამენტში საკითხის დაყენება იგეგმება.
ამ მიმართულებით ასევე განიხილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაცია, რომელიც 0–6 წლამდე ბავშვებისთვის 30 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 300 ბავშვი საკვების დეფიციტის გამო იღუპება, ხოლო 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება.