სტატიები

დავა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წნორელებსა და ინდოელებს შორის გრძელდება

ამ წუთებში ქალაქ წნორის ადგილობრივი მაცხოვრებლები ინდუსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ უკანონოდ გასხვისებულ წნორის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით. ადგილობრივების მოთხოვნაა, რომ იდოელებმა შეაჩერონ სოფლის საძოვრების მოხვნა და მიწა დაბრუნდეს მათ საკუთრებაში. აღნიშნულ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა“ ავრცელებს.

„სხვა რა გავაკეთოთ, ავდგებით და ჩავალთ, იქნება ხვნა აღარ გააგრძელონ. ავუხსნით, რომ ეს ჩვენი საძოვარი იყო. თუ ვერ გავაგებინეთ წინააღმდეგობასაც გავუწევთ“ – აცხადებს წნორის ერთ-ერთი მკვიდრი.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ინდუსები წნორელ მცირე ფერმერებს შეხვდნენ და აცნობეს, რომ დღეს მიწის იმ ნაკვეთს მოხნავდნენ, სადაც სოფელი ამ დროითვისაც ძროხებს აბალახებს.

ინდუსებმა განმარტეს, რომ მათ აქვთ ყველა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ათეულობით წლების მანძილზე სოფლის საძოვრად წოდებული მიწის ნაკვეთი უკვე მათ მფლობელობაშია.

„სამოქალაქო ინიციატივა“ ქალაქ წნორის რწმუნებულს, თამაზი მათეშვილს, დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ იდოელებს აქვთ სამართლებრივი უფლება დაამუშავონ მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფლის საძოვარი იყო.

„ინდუსებს კაცურადაც დაველაპარაკე, ქუჩურადაც და ახლა აზრი აღარ აქვს შეხვედრას, მაგათ კანონიერი უფლება აქვთ მიიყვანონ ტრაქტრები და მოხნან“ – აღნიშნა სატელეფონო საუბრისას თამაზი მათეშვილმა და გამოთქვა მზაობა კანონიერების ჩარჩოების გათვალისწიენბით მხარი დაუჭიროს თანასოფლებებს.

საგულსხმოა ის გარემოება, რომ ინდუსებმა როცა სოფლის ე.წ. საძოვრები შეიყიდეს მიწის ფართობს ჰქონდა საძოვრის სტატუსი. ხოლო მაისის თვეში, მას შემგედ რაც მარტში სოფელმაც გამართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით მიწის ნაკვეთს საჯარო რეესტრმა შეუცვალა სტატუსი და საძოვრიდან სახნავ-სათეისის დანიშნულებაში გადაიყვანა სადაო მიწის ფართობი.