სტატიები

1. გავაზელები 33 ჰექტარი ფართობის ტყის დაბრუნებას ითხოვენ

მოსახლეობის ინფორმაციით, ტყის მესაკუთრე ხეებს მასიურად ჩეხავს და მის ადგილზე საფერავის ჯიშის ვენახის გაშენებას გეგმავს. 
გავაზელების თქმით, ტყე სოფელს ეკუთვნოდა და მისი გაყიდვის უფლება არავის ჰქონდა:
,,ამ ტერიტორიებს საძოვრებად ვიყენებდით. 2 წლის წინ ფარულად გაასხვისეს და არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. პირუტყვი შიმშილით დაგვეხოცება. ეს არის ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო“, – განუცხადა KNEWS.ge-ს გავაზელმა ბადრი აივაზაშვილმა. 
აღნიშნული ტერიტორიის გასხვისების კანონიერების გასარკვევად და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შესახვედრად, სოფელ გავაზში, ჩავიდნენ. მათ მოინხულეს გასხვისებული 33 ჰექტარი ტყის ფართობის ის მონაკვეთი, სადაც, ამ დროისთვისაც, მძიმე ტექნიკა მუშაობს და ჯანმრთელი ხეები მასიურად იჩეხება.
CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის თქმით, ხეების მოჭრის ნებართვა არ არსებობს:
,,ზოგიერთი ჯიშის ხეები, რომლებიც უკვე მოჭრილია, შესაძლებელია, იშვიათ სახეობას განეკუთვნებოდეს და წითელ წიგნში იყოს შეტანილი“.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო აღნიშნული ფართობი, რომელიც დიდი ხანია, რაც ტყის ფონდიდან ამოირიცხა და აუქციონის წესით გაიყიდა.