ველისციხის ნაგავსაყრელი გარემოს აბინძურებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ლეგალური ნაგავსაყრელი არ არსებობს. პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს თვითნებურად შექმნილი ნაგავსაყრელი. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ნაგვის ურნის დამონტაჟებასა და რეგულარულად ტერიტორიის გასუფთავებას ითხოვს.
ველისციხე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფელია, სადაც 6000-ზე მეტი მცხოვრებია, საცხოვრებელი სახლებისა და ხეხილის ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე ადვილად შეამჩნევთ თვითნებურად შექმნილ ნაგავსაყრელს. დაყრილი ნარჩენები მრავალფეროვანია: პოლიეთილენის პარკები, გამოუსადეგარი და ძველი ტანსაცმლით სავსე ტომრები. მოსახლეობა წუხს იმის გამო, რომ ქარის დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები ატმის ბაღებსა და ნათესებში იყრება.
„როდესაც ზაფხული დგება, საშინელი სუნი გვაწუხებს. ფანჯრებს ვერ ვხსნით ხოლმე. რა ვქნათ? იმ საშინელ სუნს გვირჩევნია, რომ გვცხელოდეს. გარდა მაგისა, როდესაც ნათესებში შევდივართ, ღობეებზე სარეცხივით გადაფენილი ნაგავი გვხვდება. რაც აქ ვცხოვრობ, აქ სულ ნაგავსაყრელია. სუნი ჩნდება, ბუზი მრავლდება. მთელი ზაფხული ვერ ვიცილებთ ბუზებს. ეს უკვე გაუსაძლისია. აქვე სახინკლეა და საშინელი ანტისანიტარიაა. “, – აღნიშნავს სოფელ ველისციხის მკვიდრი ლეილა ბალუაშვილი.
„როდესაც ზაფხული დგება, საშინელი სუნი გვაწუხებს. ფანჯრებს ვერ ვხსნით ხოლმე. რა ვქნათ? იმ საშინელ სუნს გვირჩევნია, რომ გვცხელოდეს. გარდა მაგისა, როდესაც ნათესებში შევდივართ, ღობეებზე სარეცხივით გადაფენილი ნაგავი გვხვდება. რაც აქ ვცხოვრობ, აქ სულ ნაგავსაყრელია. სუნი ჩნდება, ბუზი მრავლდება. მთელი ზაფხული ვერ ვიცილებთ ბუზებს. ეს უკვე გაუსაძლისია. აქვე სახინკლეა და საშინელი ანტისანიტარიაა. “, – აღნიშნავს სოფელ ველისციხის მკვიდრი ლეილა ბალუაშვილი.
ამ პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ ზაფხულში ქვეწარმავალი კიდევ უფრო მრავლდება და მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში საკუთარ ეზოებში გველის მოგერიება უწევს.
„უამრავი გველი მრავლდება. ძალიან ბევრჯერ გვინახავს ჩვენს ეზოებში გველები და ამიტომ გარეთ შიშით გავდივართ. მოკლედ, ამ ნაგავსაყრელის გამო, გაუსაძლისი პირობებია შექმნილი“, – აცხადებს ველისციხელი ცირა ყიყინაშვილი.
თვითნებურად შექმნილი ნაგასაყრელის გარდა მოსახლეობა საკანალიზაციო მილის დაზიანებაზეც ამახვილებს ყურადღებას. ისინი აღნიშნავენ, რომ ზაფხულში მათ გაუსაძლისი სუნი აწუხებთ და საცხოვრებელი სახლების განიავებას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ველისციხელები შესაძლო ეპიდემიის გავრცელებაზეც საუბრობენ და ხელისუფლებას პრობლემის გადასაჭრელად ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას სთხოვენ.
-„სოფლის კანალიზაცია მოდის და აქ იღვრება. აქ ხალხი ცხოვრობს, საშინელებაა, როდესაც ბავშვებს ამ აუტანელ მდგომარეობაში უწევთ თამაში და ხშირად იძულებულები ვხდებით, რომ სათამაშოდაც კი არ გამოვუშვათ ბავშვები, რომ რაიმე დაავადება არ შეხვდეთ“.
ველისციხის ტერიტორიული მართვის ორგანოს სპეციალისტი განმარტავს, რომ თვითნებურად შექმნილი ნაგავსაყრელი მუდმივად სუფთავდება. იგი დაზიანებულ საკანალიზაციო მილზეც ამახვილებს ყურადღებას და მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ჰპირდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” ინფორმაციით, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მხრივ სოფლებში მართლაც მძიმე მდგომარეობაა: “სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით, ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის, მაგრამ იმ მცირედი ნარჩენის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებაც მოუგვარებელია, ამიტომ ეს ნარჩენი საბოლოოდ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად კი, ღელეებში, ხევებსა და მდინარეებში იყრება“.
ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში კახაბერ სუხიტაშვილი მთავრობას ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას ურჩევს. სუხიტაშვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებას პრობლემის გადაჭრის ერთადერთ ეფექტურ ღონისძიებად მიიჩნევს. ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში განმარტავს, რომ სხვადასხვა სახის ნარჩენი უნდა გახდეს ბიზნესის ინტერესის სფერო. სუხიტაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ინვესტორების მოზიდვაზე ან თვითონვე უნდა ჩადოს ინვესტიცია საქართველოში ამ სახის ბიზნესის განვითარების მიზნით.