კახელი ფერმერები – მარწყვის ადრეული ჯიშები დაბალი ხარისხის იქნება
კახელი ფერმერები მარწყვის ადრეული ჯიშების უხარისხობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ძლიერმა ყინვამ მარწყვის სანაყოფე ყვავილი დააზიანა.
გურჯაანელი გიორგი ზარდიაშვილის თქმით, მარწყვის ადრეული ჯიშების ნაყოფი წინა წლებთან შედარებით დაბალი ხარისხის იქნება მეორედ გამოტანილმა ყვავილმა შედარებით მცირე ზომის ნაყოფი გამოისხა:
,,მაისის პირველ დეკადაში მცირე ზომის მარწყვი უკვე დამწიფდება. მისი საბაზრო ფასი 18 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე მერყეობს რაც ხილის ხარისხზეა დამოკიდებული”
წელს, მარწყვის უხვა მოსავალს პროგნოზირებენ. ხილის საბაზრო ფასი 18 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე მერყეობს. მოყვანილ პროდუქციას ფერმერები სოფლებში ხელოვნურად მოწყობილ სპეციალურ მინი-ბაზრებში ჰყიდიან, ხოლო იმ პროდუქციას, რომელიც ტრანსპორტირებას უძლებს, დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებში და დედაქალაქის ბაზრებში ჰყიდიან, სადაც ფასი ადგილობრივი ბაზრისგან განსხვავებით 10-30%-ით მაღალია:
ზარდიაშვილისვე თქმითვე, მარწყვის მოვლა და მისი მოყვანა საკმაოდ შრომატევადი საქმეა.:
,,ადგილობრივი ფერმერების თქმით, ერთ ჰექტარზე წლიური დანახარჯი 1000-დან 2000 ლარამდე მერყეობს. მუშახელის ფასი 20 ლარიდან 25 ლარამდეა, აგრეთვე, საკმაოდ ძვირია ის სასუქებიც, რომლებსაც ფერმერები იყენებენ მარწყვის პროდუქტიულობისა და სიცოცხლის უნარიანობის გასაზრდელად. ფერმერები ძირითადად „გვარჯილას“ და „ამონიუმის სულფატს“ იყენებენ, რომლის ფასებიც 30 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს, ტომრის წონისა და ხარისხის მიხედვით”.
თუმცა, ფერმერების თქმით, ფასის სტაბილურობისა და მაღალი მაჩვენებლის წყალობით გაწეულ ხარჯებს სრულად ადრეული ჯიშებიდან ანაზღურებენ, ხოლო დანარჩენი ჯიშებიდან უკვე წმინდა მოგებას ღებულობენ. ერთ ჰექტარზე 8000 ლარიდან 10000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის მოყვანაა შესაძლებელი:
ვაჩნაძინელ ცირა ნებუნიშვილის განცხადებით, სეზონზე მარწყვის კონკრეტული ჯიში მოსავალს 7-8-ჯერ იძლევა:
„ერთ ჰექტარ მიწაზე გაშენებული მარწყვით სეზონზე 8000-10000 ლარის პროდუქციის მოყვანაა შესაძლებელი. სეზონზე მარწყვის კონკრეტული ჯიში მოსავალს 7-8-ჯერ იძლევა და ერთი ვედრის ფასი 18-დან 25 ლარამდე მერყეობს. როცა პირველად ვკრეფთ, ფასიც მაღალია, 25 ლარი ან მეტი ღირს, ხოლო მეორე და შემდგომ დაკრეფაზე უკვე თანდათან იკლებს და სეზონის ბოლოს 18 ლარამდე ეცემა. ჩვენთან შედარებით გურჯაანში და ახლო სოფლებში პროდუქცია უფრო ადრე მოდის, რადგან უფრო თბილა, ხოლო ჩვენთან 2-3 კვირით გვიან. წელს უმაღლესი ხარისხის ხილი ნაკლებად იქნება, რადგან ყინვამ გააფუჭა. მან სანაყოფე ყვავილი დააზიანა და მეორედ გამოტანილ ყვავილს შედარებით მცირე ზომის ნაყოფი აქვს. თითო-ოროლა გადარჩა და ის შედარებით კარგია, მაგრამ დიდი ნაწილი წვრილი იქნება“.
წელს კახელი ფერმერები ბაზრის სტაბილურობას პროგნოზირებენ. მათი თქმით, მარწყვი ბაზარზე ატამსა და ყურძენთან შედარებით ნაკლებია, რაც მის მაღალ ფასს უზრუნველყოფს. მთავარ პრობლემად კი, ფერმერები უცხო ქვეყნს ბაზრების ხელმიუწვდომლობას ასახელებენ.
ფერმერ გიორგი მაისურაძის თქმით, თუ პროდუქცია უცხოეთის ბაზარზე გავა, ფასი 1,5-2-ჯერ გაიზრდება, რაც მისცემს საშუალებას, ფერმერებმა თავიანთი საქმე გააფართოვონ:
,,რუსეთის ბაზრის ან სხვა უცხოური ბაზრის ათვისება აუცილებელია. ჩემი აზრით, მხოლოდ ეს არის ერთადერთი სწორი გზა მარწყვის, როგორც ხილის კულტურის, მასშტაბურად გაშენებისა. ადრე, როცა რუსები და ოსები შემოდიოდნენ, ერთ ვედრას 30 და 35 ლარადაც კი ვყიდდით, ახლა კი, 15 ან 18 ლარადაც რომ გავყიდოთ, მადლობა გვაქვს სათქმელი. ვისაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე აქვს მარწყვი, იმას ხარჯები გაცილებით ნაკლები აქვს და მოგებასაც ნახულობს, ხოლო იმას, ვისაც ჰექტრობით აქვს, ხარჯიც მეტი აქვს და შემოსავალიც იმდენად დიდი არ არის“.