2013 წელს ბანკების მიერ ჩამორთმეული ქონების ღირებულება რეკორდულია
2013 წელი დაკრედიტების კუთხით საბანკო სისტემისთვის მთლიანობაში საშუალო აქტივობით გამოირჩეოდა. საკრედიტო პორტფელის მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) წლის ბოლოსთვის 10.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ნომინალურ გამოხატულებაში პორტფელის წლიურმა ზრდამ 20 პროცენტი, ხოლო ფიქსირებული კურსის ეფექტის გათვალისწინებით 17 პროცენტი შეადგინა.
როგორც ,,კომერსანტი” ავრცელებს ინფორმაციას, 2013 წლის მანძილზე შეიცვალა საკრედიტო პორტფელის სტრუქტურა სეგმენტების მიხედვით. პორტფელის სტრუქტურის ცვლილება განაპირობა საცალო საკრედიტო პორტფელის ზრდის საკმაოდ მაღალმა ტემპმა, რასაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ და საცალო პროდუქტებზე ვადის დაგრძელებამ.
გასულ წლებში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია 2013 წელსაც გაგრძელდა, რაც გამოწვეული იყო კონკურენციის კიდევ უფრო გამძაფრებით.
საანგარიშო წლის მანძილზე საცალო პორტფელის ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო სამომხმარებლო, იპოთეკური სესხები და მომენტალური განვადებები. მომენტალური განვადებების წლიურმა ზრდის ტემპმა 2013 წელს 100 პროცენტს გადააჭარბა.
უმოქმედო სესხების წილი მთლიან პორტფელში წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად შემცირდა და 7 პროცენტი შეადგინა, 2012 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 9.3 პროცენტს შეადგენდა.
რაც შეეხება ყველაზე მტკივნეულ თემას – ბანკების მიერ დასაკუთრებულ ქონებას, ამ მხრივ საკმაოდ საგანგაშო ტენდენციაა. მართალია, წინასაარჩევნო პერიოდებში ხელისუფლებები ამ საკითხს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ, თუმცა, ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ამსახველი სტატისტიკა მოწმობს, რომ რეალურად პრობლების გადასაჭრელად არაფერი კეთდება. 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება თითქმის 40-ჯერ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს – 312 მილიონ ლარს გადააჭარბა.