რას ფიქრობენ თელაველი ახალგაზრდები ანტიდისკრიმინაციულ კანონზე
ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტის -,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” მიღებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საეკლესიო პირები და მათი მრევლი კანონპროექტის მიღებას არ ცნობენ, ხოლო მოსახლეობის სხვა ნაწილისთვის კანონი მისაღებია.
კანონს, რომელსაც განსაკუთრებული ვნებათაღელვა უკავშირდებოდა, საეკლესიო პირები და მათი მრევლი არ ცნობენ, ხოლო მოსახლეობის სხვა ნაწილისთვის კანონი მისაღებია.
როგორც თესაუს დოქტორანტურის სტუდენტი, ქეთი შავერდაშვილი აცხადებს, იგი, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ეწინააღმდეგება, რადგან ეს არის უზნეობის ღია პროპაგანდა.
-,,კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ანტიდისკრიმინაციულ კანონს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უზნეობის არა მხოლოდ ღია პროპაგანდა და თავს ძალით მოხვევა, არამედ მხარდაჭერის იძულება. სოდომური ცოდვა ის ერთადერთია, რამაც ყოვლად კაცთმოყვარე უფალიც კი განარისხა და იმ ოთხ ქალაქს აწვიმა ციდან გოგირდის წვიმა დაამხო და ამოწყვიტა ყველა მკვიდრი და მის შემოგარენში მყოფი ყოველი მცენარე მიწისა. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს და რა სიმძიმის მატარებელია?! და რას ელიან ახლა, რომ ამის ლეგალიზებას დავეთანხმოთ?! სირცხვილია, როდესაც ქართველი ერის ნების გამომხატველი პარლამენტი საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს! ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაიძულებენ უზნეო ცხოვრების წესს დავეთანხმოთ და რის სანაცვლოდ? – ევროპის? ჩემთვის სასიხარულოა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ზნეობის, რწმენის შებღალვის ფასად არ მიღირს ეს. ამის გარდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქყვეყანამ, მაგალითად, ბოსნია-ჰერცოგოვინამ არ მიიღო აღნიშნული კანონი, თუმცა ეს მათი ინტეგრაციისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ გამხდარა.
მიჩნდება კითხვა: რა არის ეს, სქართველოს მთავრობის კეკლუცობა ევროპის წინაშე და პატარ ქვეყნის კოპლექსი, თუ მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული რწმენისა, ეკლესისა და კულტურის მიმართ? ვის კაპრიზებს ვასრულებთ? იმ ქვეყნების, რომლებიც გუშინ გაჩნდნენ რუკაზე? ეს არის საკუთარი ერის დაცინვა და ღალატი. სარკაზმის აპოთეოზია ის დამოკიდებულება, რომ, თურმე, გაუნათლებელი ნაწილი ვერ იგებს ამ კანონის არსს და მიზანს. თავად განსაჯოს და გადაწყვიტოს მკითხველმა ამის შემდეგ რა არის სწორი და რა უზნეობა.’’
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტისგან განსხვავებით საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს თელაველი ახალგაზრდა ტორესა მოსი. მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება აუცილებელია, რათა სანქციები დაწესდეს დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევებზე და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი გარანტია შეიქმნას, ადამიანები არ გახდნენ სხვადასხვა ნიშნით დისკიმინაციის მსხვერპლი:
-,,ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება დადებითი პრეცედენტია. მკვეთრად უარყოფითია ამ კანონში ცნება „საზოგადოებრივი ზნეობა“ და დანაწესი, რომლის თანახმადაც ამ კანონის არც ერთი მუხლი არ შეიძლება იქნეს განმარტებული ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ კონკორდატს.
პირველი აბსურდულია, იმიტომ, რომ ზნეობა ის შეფასებითი კატეგორიაა, რომელიც საზოგადოების ცალკეულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული, ამავდროულად ორ სხვადასხვა ადამიანსაც შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ზნეობა. ვიღაცისთვის ჩემი გრძელი თმა შეიძლება, აღმოჩნდეს უზნეობა, ჩემთვის კი, დავუშვათ, აზერბაიჯანულ ფოლკლორულ მოტივებზე დაფუძნებული ე.წ „საქეიფო მუსიკის“ მოსმენა. შესაბამისად, ეს პუნქტი ქმნის ჩარჩოს დისკრიმინაციის გასამართლებლად და საერთოდ ყველაფერი ხდება დამოკიდებული იმაზე, თუ რას ჩათვლის საზოგადოებრივ ზნეობად მოსამართლე, რომელიც ამ გაუგებრობის განსამარტავად თავის პირად შეხედულებებს გამოიყენებს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, სულაც არ დაემთხვას მოდავე მხარეთა შეხედულებას ზნეობაზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიმე კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობასთან დადებული შეთანხმება, არ შეიძლება იყოს კანონის განმარტების კრიტერიუმი. მთავარია, გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს სახელმწიფო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც კანონები მიიღება, როგორც ქრისტიანებისთვის, ისე, არაქრისტიანებისა და ათეისტებისთვის.
დაუშვებელია, ქრისტიანული ეკლესია იქცეს საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტად და ადამიანებს ძალით მოახვიოს თავზე ცხოვრების წესი, განუსაზღვროს რა უნდა იფიქრონ, რა უნდა თქვან, რა უნდა გააკეთონ, რა უნდა ჩაიცვან, როგორი ვარცხნილობა უნდა ჰქონდეთ, რა უნდა წაიკითხონ და ა.შ. ქრისტიანული კანონების მორჩილება მხოლოდ მათთვის არის სავალდებულო, ვინც ნებაყოფლობით აღიარებს თავს ქრისტიანად და რომელიმე ქრისტიანული კონფესიის მიმდევრად. ეს დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ისე თავად ეკლესიას და თანაბრად დამღუპველია ორივესთვის. შესაბამისად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ზოგადად შეგვიძლია მივიჩნიოთ პოზიტიურ მოვლენად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, თუმცა აუცილებელია მასში არსებული ხარვეზები, გარკვეული დროის შემდეგ მაინც სათანადოდ ჩასწორდეს.’’