სტატიები

1. თელავის თეატრში განათლებისა და დასაქმების გამოფენა ,,მომავალი შენია’’ გაიმართა

 

პროგრამის ხელმძღვანელის, დანიელ ბირკენმაიერის თქმით, მისი მიზანია განათლების პროვაიდერებისა და პოტენციური დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება, რომელიც შემდგომ ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას:

,,გამოფენის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ადამიანური რესურსების გაძლიერებას და „ტვინების გადინების“ შეჩერებას, რაც აფერხებს მხარის სოციალურ და კულტურულ განვითარებას. დღევანდელი დღე არის დასაწყისი ახალგაზრდების სამომავლო ცხოვრებისა განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ მათ შეუძლიათ უშუალოდ გაეცნონ პოტენციურ დამსაქმებელს. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ, 15 თებერვალს, ასევე 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გასტანს გამოფენა”, – განუცხადა Knews.ge-ს დანიელ ბირკენმაიერმა.

დანიელ ბირკენმაიერის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება დიალოგი საგანმანათლებო და ბიზნეს სექტორს შორის. ასევე, მოხდება სამუშაო ბაზრისა და სამსახურის მაძიებელთა დაკავშირება ერთმანეთთან და სათანადო ბაზის შექმნის უზრუნველყოფა.
თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, 25 წელია თელავი პარტნიორ ქალაქ ბიბერახთან მეგობრობს, რომელმაც არაერთი კარგი საქმე გააკეთა ქალაქისთვის:

,,დღევანდელი ღონისძიება გათვლილია ახალგაზრდებსა და დამსაქმებელს შორის მჭიდრო კონტაქტის ჩამოყალიბებაზე. გამოფენა ბიბერახის ძალიხმევით და ინიციატივით იმართება, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. წლების მანძილზე ახალგაზრდები იღებდნენ ცოდნას იმ მიმართულებით, რომლის შემდეგაც დასაქმება შეუძლებელი იყო. შეიქმნა პრობლება არა სამუშაო ადგილების დეფიციტის, არამედ არასწორი განათლების მიღების გამო. მიწოდება გამომდინარეობს მოთხოვნიდან და რაზეც არის მოთხოვნა, შესაბამისად, ის სპეციალობები უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა. არაერთი ნაბიჯი იყო გადადგმული ამ მიმართულებით და ვთვლი, რომ ეს ღონისძიება მიმართულია ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ბიზნესოპერატორებთან ერთად რათა ახალგაზრდებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რომელი პროფესიაა პრიორიტეტული თელავში დასაქმების კუთხით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კვალიფიციური კადრების გადინება შევაჩეროთ ქალაქიდან,’’- განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.

გამოფენას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა წეროძე დაესწრო. მისი განცხადებით, უწყება ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას:

,,ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ვფიქრობ, ხელი შეეწყობა ბიზნესის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, დღეს ახალგაზრდებს შეეძლოთ გაცნობოდნენ კომპანიების პირობებს, მოთხოვნებს და მოესმინათ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის,’’- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ირინა წეროძემ.

ღონისძიებაზე კახეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და მოსწავლეებს იქ არსებული პირობების და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ ესაუბრნენ:

,,წარვადგინეთ პრეზენტაცია ჩვენი პროფესიული კოლეჯის, ,,აისის”, შესახებ. ვისაუბრეთ რომელ ფაკულტეტებზე შეუძლიათ აბიტურიენტებს სწავლა. ჩვენი დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა სათანადო ცოდნა მიიღონ. ჩვენთან ხდება ინკლუზიური სწავლებაც და მოსწავლეებს ხელს ვუწყობთ საზოგადოებასთან, თანატოლებთან ინტეგრაციასა და პროფესიის დაუფლებაში. გვინდა ყველა სტუდენტი იყოს პროფესიონალი, რომ მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარ–ჩვევები მოერგოს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს’’, –განუცხადა knews.ge-ს პროფესიულ კოლეჯ ,,აისის’’ წარმომადგენელმა მანანა მახარაშვილმა.

სოფელ ნუკრიანის მინანქრის სახელოსნოს წარმომადგენელის, მაია თათრიშვილის თქმით, აღნიშნული ღონისძიების ჩატარება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ისე სათემო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია:

,,წარმოვადგენთ ნატალია ზაზაშვილის სახელობის სათემო განვითარების ცენტრს, რომელიც მდებარეობს სოფელ ნაფარეულში. ცენტრს გააჩნია რამდენიმე კერამიკის, მინანქრის, თექა-ქვილთის მიმართულება. მივიღეთ განათლების გამოფენაში მონაწილეობა და ვთვლით, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც’’, – განაცხადა მაია თათრიშვილმა.

საჯარო სკოლების მოსწავლეების თქმით, სასურველია მსგავსი ღონისძიებები ყოველ წელს გაიმართოს, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია შრომითი ბაზრისა და მოთხოვნების შესახებ, რომ სასწავლებლის დასრულების შემდეგ დასაქმების საშუალება მიეცეთ:

,,ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება საზოგადოებას გააცნონ სიახლეები. ჩემი აზრით, რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსგავსი გამოფენა და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება, უკეთესი იქნება,’’– განაცხადა ქეთი მარგალიტაშვილმა.

აბიტურიენტის, ნინო ჯავშანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება გაეცნონ ინფორმაციას სად შეიძლება სასურველი განათლების მიღება და ასევე, რა მიმართულებებია დღეს პრიორიტეტული:
,,ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია სამომავლო დასაქმებისთვის. ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ და იაქტიურონ ამ კუთხით.’’