1. სურსათის ეროვნული სააგენტო – წყლის 2911 ნიმუშიდან 837 დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წყლის 2911 ნიმუშიდან 837 დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი მიქაძეს თქმთ, 2014 წლის განმავლობაში მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სურსათის 3600 ნიმუშის აღება და მათი ლაბორტორიული კვლევა. ამ დროისათვის აღებულია 2991 ნიმუში.
“აღებული 2911 წყლის ნიმუშიდან 837 არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. 80% დარღვევების მოდის მიკრობიოლოგიურ დარღვევებზე. მეტი წილი დარღვევების მოდის სასმელი წყლის მილებზე. ამასთან დაკავშირებით მიწერილ იქნა წერილები შესაბამის უწყებებში. განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონებს”,-აცხადებს მიქაძე.
მისივე თქმით, დარღვევები აღმოჩენილია ხორცსა და ხორცპროდუქტებში და ძირითადი დარღვევები მოდის ნახევარფაბრიკატებზე.
გიორგი მიქაძემ სააგენტოს მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღემდე სულ 3500-მდე ინსპექტირება განხორციელდა. მათ შორის 1733 გეგმიური, 475 არაგეგმიური და 1210 გადამოწმება.
“გამოვლენილი დარღვევის გამო 281 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 400 ლარით, 17 კი 1200 ლარით. საწარმოო პროცესი შეუჩერდა 98-ს. 4 სკოლის ბუფეტი იყო დაკეტილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ეს იყო 113-ე, 112-ე, 171-ე და 156-ე სკოლებში, მათ გამოასწორეს მდგომარეობა და ახლა გაიხსნა. დარღვევები შეეხებოდა ტექნოლოგიურ პროცესს, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევას, პერსონალის ჰიგიენას და სარემონტო სამუშაოებს, რომელიც ამ ბუფეტებში არ ტარდებოდა. საწარმოო პროცესი ჩერდება მაშინ,როცა გამოვლენილმა დარღვევამ შეუსაბამობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას რისკი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას”,-განაცხადა მიქაძემ.