საპატრიარქო ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვება
პატრიარქის და ჯანდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასრულდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქო ვაქცინაციის პროპაგანდაში არ ჩაერთვება, თუმცა ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერს.
სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა მოქალაქეები, ვაქცინაციის პროცესის არჩევანში თავისუფლები არიან. მას შემდეგ, რაც სრული ინფორმაცია მიიღეს, მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ის არ ჩაერთვება აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაიდგმება მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, მიესალმება“,- განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ის თავს ვალდებულად თვლიდა, პატრიარქის ინფორმირება მოეხდინა.
„შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით, რადგან მე ვთვლი, რომ მაქვს ვალდებულება, საპატრიარქო არსებული მოვლენების შესახებ იყოს ინფორმირებული“.