სტატიები

პროგრამა “აწარმოე საქართველოში” დაიწყო

ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომლის მიზანი ბიზნესის რამდენიმე მიმართულებისთვის ხელშეწყობაა. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში 46 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიულ წარმოებაში დაიხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება საბანკო სესხებზე გადასახდელი საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას ბენეფიციარებისთვის. “აწარმოე საქართველოს” კოორდინაციას სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები გაუწევენ.
გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი:

– პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთი მაგალითია, რომლითაც საზოგადოებას შეუძლია ნათლად დაინახოს მთავრობის მიზანი – ქვეყანაში შეიქმნას ახალი საწარმოები, ნებისმიერ ბიზნესმენს ახალი საქმის დაწყების სტიმული მიეცეს, დასაქმდეს მეტი ადამიანი.

– პროგრამის ფარგლებში ინდუსტრიის დარგები რა ნიშნით შეირჩა?
– სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, იმპორტის მოცულობისა და წარმოების ადგილობრივი პოტენციალის მიხედვით. პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მოიცავს შემდეგ დარგებს: ქაღალდისა და მუყაოს წარმოება, მათ შორის შესაფუთი მასალები; სამშენებლო მასალების წარმოება; საფეიქრო წარმოება, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქსოვილი და სხვა; ქიმიური წარმოება, ხის გადამუშავება, ელექტრომოწყობილობების წარმოება, მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონლისა; ფარმაცევტული წარმოება; მანქანათმშენებლობა, მათ შორის სათადარიგო ნაწილები; რეზინისა და პლასტმასის წარმოება; ლითონის მზა ნაწარმი.

ასევე პრიორიტეტულია ჩვენთვის სოფლის მეურნეობის მიმართულება: მეხილეობა-მებოსტნეობა; მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები; მესაქონლეობის ფერმები; მეფრინველეობის ფაბრიკები; დაფნის, ჩაისა და თამბაქოს მოყვანა-გადამუშავება და სხვა.

– რატომ გადაწყდა პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ახალი საწარმოების დაფინანსება? ხომ არ ჩააყენებს ეს უთანასწორო მდგომარეობაში იმ მეწარმეებს, ვინც მძიმე ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდნენ და იძულებული გახდნენ, წარმოება გაეჩერებინათ?
– “აწარმოე საქართველოში” გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნაზე. საქართველოს ეკონომიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეყრდნობა. შესაბამისად, ბაზარზე პოზიციონირების უფლება და შესაძლებლობა აქვს ნებისმიერს, მთავარია, ის კანონის შესაბამისად მოქმედებდეს.

– პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში მეწარმეებს სახელმწიფო 1 ლარად გადასცემს უძრავ ქონებას. რა პირობით მოხდება ამ ქონების გადაცემა?

– უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს 1 ლარად გადაეცემა უძრავი ქონება, თუმცა, დაბანდებული ინვესტიცია გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულებას ექვსჯერ უნდა აღემატებოდეს თბილისში და ოთხჯერ – რეგიონებში. ამასთან, ქონების გადაცემიდან 2 წელიწადში უკვე უნდა ამოქმედდეს. მეწარმისთვის უძრავი ქონების გადაცემისთვის არსებობს კიდევ ერთი წინა პირობა: საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა საინვესტიციო ვალდებულების 10%-ის მოცულობით.

– თუ რამდენიმე მეწარმე გამოთქვამს ერთი და იმავე ქონების მიღების სურვილს, უპირატესობა ვის მიენიჭება?
– უპირატესობა იმ მეწარმეს მიენიჭება, ვინც განაცხადსა და დოკუმენტაციას პირველი წარმოადგენს.

– უძრავი ქონების ნუსხა უკვე გამოქვეყნდა. საინტერესოა, ხომ არ არსებობს ვინმე მოდავე ამ ქონებაზე, როგორც ეს სასოფლო-სამეურნეო საწარმოების გასხვისებისას გაირკვა?
– პროგრამისთვის შეგულებულია სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება – მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. ყველა ეს ქონება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის უფლებრივად უნაკლო, რასაც საჯარო რეესტრიდან ამონაწერიც ადასტურებს.

– პროექტთან თანამშრომლობისთვის მოლაპარაკება რომელ ბანკებთან გაიმართა?
– მოლაპარაკება საქართველოს ბაზარზე მოქმედ ყველა ბანკთან მიმდინარეობს. 10 ბანკთან მოლაპარაკება უკვე წარმატებით დასრულდა და ისინი პროგრამაში ჩაერთვებიან.

– როგორია პროგრამაში ჩართვის პროცედურა? მეწარმე მიდის ბანკში და თუ ბანკი სესხის გაცემას გადაწყვეტს, მეწარმეს უკვე შეუძლია “აწარმოე საქართველოშიც” ჩაერთოს?
– პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე-სუბიექტი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომერციულ ბანკს მიმართავს. ბანკი კრედიტს ამ პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ამტკიცებს. თუ ბენეფიციარი ინდუსტრიული საწარმოს პროექტს წარმოადგენს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: დაფინანსებული სესხით აუცილებლად უნდა შეიქმნას ახალი საწარმო; პროექტი უნდა პასუხობდეს უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით საკანონმდებლო მოთხოვნებს.

რაც შეეხება უძრავი ქონების გადაცემით დაინტერესებულ მეწარმეს, მან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს. ბენეფიციარს პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ვალდებულებების შესრულების პირობით უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემა.

– ვისთან იქნება ანგარიშვალდებული მეწარმე, რომელიც პროგრამის რომელიმე კომპონენტით ისარგებლებს?
– პროგრამის კოორდინაცია ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს ევალებათ. ამასთან, პროგრამის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან მეწარმეობის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა მოკლევადიან პერსპექტივაში მოახდინონ საკუთარი ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია და არსებული სავაჭრო რეჟიმებით ისარგებლონ, მათ შორის, ევროკავშირთან მომავალი შეთანხმებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტი ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას საექსპორტო ბაზრების მოძიებაში.

– როგორ ფიქრობთ, რამდენი საწარმო გაიხსნება პროექტით გათვალისწინებული 46 მილიონი ლარის ფარგლებში?
– ძალიან ძნელია ახალი საწარმოების რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გათვლებით, პროექტის ფარგლებში გაცემული ახალი კრედიტების მოცულობა რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს გადააჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება შესაძლებლობა, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში გაიხსნას ახალი საწარმოები და გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები.