1. ღვინის ბრუნვის მოცულობით წამყვან პოზიციას „თელავის ღვინის მარანი“ იკავებს
ღვინის ექსპორტის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ეა, რეექსპორტის მიხედვით კი, მეოთხე. მონაცემებს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი „დოქტრინა“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2006-2012 წლებში ვერ მოხერხდა ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრების არსებითი დივერსიფიცირება და მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრების ეფექტური ათვისება. განსაკუთრებით ძლიერი ჩავარდნა ფიქსირდება 2007-2010 წლებში, ხოლო 2012 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 2005 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 2/3-ს შეადგენდა.
2013 წელს რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოდან 128 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 35906 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებით გამოსახულებაში თითქმის 2-ჯერ, ხოლო ნატურალურ გამოსახულებაში 77.6 პროცენტით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2013 წელს საქართველო ღვინის ექსპორტის სიდიდის მიხედვით, 128 მლნ აშშ დოლარით, მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, და 22 მილიონი დოლარით ჩამორჩა მეოცე ადგილზე გასულ მოლდავეთს. 2013 წელს საქართველომ დაახლოებით 47 ქვეყანაში განახორციელა ღვინის ექსპორტი, აქედან 70,7 პროცენტი რუსეთსა და უკრაინაზე მოდიოდა.
ღვინის რეექსპორტს მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე–4 ადგილზეა (2013). გასულ წელს ჩვენი ქვეყნიდან 2,7 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის რეექსპორტი განხორციელდა. როგორც ირკვევა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს ყველაზე ძლიერ კონკურენციას მოლდავეთი უწევს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოლდავეთის უპირატესობა ბელორუსის და ყაზახეთის ბაზრებზე, სადაც ბაზრის ნახევარზე მეტი მოლდავეთს უჭირავს. ბელორუსში ქართული ღვინის ექსპორტი მოლდავურს 6-ჯერ ჩამორჩება, ხოლო რუსეთსა და ყაზახეთში 2-ჯერ.
მოლდავური წარმოების ღვინო გამოირჩევა ალკოჰოლის შედარებით მაღალი შემცველობით და უმეტესწილად ტკბილი ან/და ნახევრადტკბილი ღვინოები კატეგორიაში გადის. საქართველოში კი პირიქით, ძირითადად მშრალი ღვინის წარმოება ხორციელდება, რომელიც უპირატესად რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან მზადდება.
ფორუმზე „ქართული ღვინის ეკონომიკა – გამოწვევები და საფთხეები“ მსოფლიო ბაზრებზე“, რომელზედაც აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია შედგა, გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია 500-მდე მივიწყებული ქართული ჯიშის ვაზის კვლევა, რომ შეირჩეს და განაშენიანდეს ისეთი ტიპის საღვინე ჯიშები, რომელიც მოლდავურს გაუწევს კონკურენციას პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზებზე.
ფორუმზე ბიო-ღვინოს წარმოების გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოს ამ მხრივ დიდი აუთვისებელი პოტენციალი აქვს. აგრეთვე ყურადღება გამახვილდა გადამუშავებული ყურძნის ნარჩენისაგან ძვირადღირებული ზეთის წარმოების პერსპექტივაზე, რასაც დღემდე საქართველოში ყურადღება არ ექცევა.
რაც შეეხება კომპანიებს, 2013 წელს საქართველოში დაახლოებით 170 ღვინის მწარმოებელი ფუნქციონირებდა. ბრუნვის მოცულობით წამყვან პოზიციას იკავებდნენ „თელავის ღვინის მარანი“ „თბილღვინო,“ქართული ღვინის და ალკოჰოლური სასმელების კომპანია და სხვები.
2013 წელს ღვინის წლიური მოხმარების მაჩვენებელი ერთ შინამეურნეობაზე – 78,1 ლიტრით, ხოლო ერთ სულზე – 21,7 ლიტრით განისაზღვრა.