ბრიტანეთის ელჩი – ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს სარგებელს მოუტანს
,,ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და მის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს,’’ – ასე განაცხადა თელავში ვიზიტისას დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა.
მისი თქმით, პირველი მიზეზი, რისთვისაც დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციასა და განვითარებას, არის მისი სტრატეგიული მნიშვნელობა და ადგილმდებარეობა.
–,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რადგან ის არის დერეფანი ევროპასა და აზიას შორის. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს სტაბილური ქვეყანა. საქართველოს მეზობელ რუსეთთან ახლა რთული ვითარება აქვს, კონფლიქტები არსებობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე მთიან ყარაბაღში და უფრო შორს თუ გავიხედავთ, გვაქვს სხვა ქვეყნებშიც, ირანსა და უკრაინაშიც. საქართველო ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ცდილობს, რომ გარდაიქმნას მაქსიმალურად სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანად. დიდი ბრიტანეთის საელჩო თანამშრომლობს შს სამინისტროსთანაც, რათა საქართველოს ჰყავდეს მაქსიმალურად ძლიერი საკუთარი შეიარაღებული ძალები, რომლებიც იქნებიან, როგორც სამოქალაქო ინსტიტუტს დაქვემდებარებული, ასევე წინააღმდეგი ყოველგვარი ძალისმიერი სიტუაციისა.’’
ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმითვე, დიდი ბრიტანეთის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რომ რუს, აფხაზ, ოს და ქართველ მოსახლეობას შორის ურთიერთობები მოაგვაროს. მისივე თქმით, ბრიტანეთის საელჩოს ურთიერთობის მოსაგვარებლად პროგრამა აქვს შემუშავებული, ამისთვის გამოყოფილია ფინანსური რესურსი 4 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც აფხაზ, ოს და ქართველებს შორის მეგობრობა უნდა დამყარდეს.
,,იმედი მაქვს, რომ შემდგომში საქართველოს მიეცემა საშუალება, არსებული კონფლიქტები ამოწუროს და მოაგვაროს მშვიდობიანი გზით, ’’-აცხადებს ელჩი.
ჰოლ ჰოლის თქმითვე, პირველი საკითხი, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს, ეხება დემოკრატიის საკითხებს, მეორე საკითხი არის საქართველოს დემოკრატია და უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, რითაც უფრო საინტერესო გახდება ევროპული ქვეყნებისათვის.
-,,ასოცირების ხელშეკრულების დადება და ევროინტეგრაცია, დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც
მნიშვნელოვანია, ბრიტანეთის ეკონომიკის განვითარებისათვისაც. საქართველო გახდება მეტად საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა ბრიტანეთის მოქალაქეებისათვის, რომლებიც ჩამოვლენ აქ, როგორც ქართული კომპანიების ბიზნესპარტნიორები და ტურისტები. გარდა ამისა, ბრიტანეთის საელჩო დაინტერესებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლოთ გამარტივებული გზით გადაადგილდნენ დიდ ბრიტანეთში, როგორც სასწავლო, ისევე ბიზნესის წარმოების კუთხითაც.’’
ბრიტანეთის ელჩის თქმითვე, ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს საქართველოს განვითარების უფრო ვრცელ სამუშაოებს ევროკავშირის მასშტაბით. მისივე თქმით, ამიერიდან საქართველოს საშუალება ექნება, ადგილობრივი წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანოს.
-,,ასოცირების ხელშეკრულება უკვე არის ურთიერთობის ფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. იგი არის დადასტურება იმის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ის ღირებულებები, რაც სხვა ევროპის ქვეყნებს. ეს კი მისცემს ქვეყნის მთავრობას საშუალებას, რომ ევროპის ქვეყნებთან უფრო ოფიციალური დიალოგი გამართოს. ხელშეკრულების მეორე ნაწილი შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, ამის შემდეგ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანოს ევროპის ბაზარზე, რომელიც არის მსოფლიოში უდიდესი ბაზარი, თავისი 500- მილიონიანი მომხმარებლით. ამისთვის უნდა მომზადდეს საქართველოში პროდუქცია, რომ იყოს კონკურენტუნარიანი და გაუწიოს კონკურენცია ევროპის ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქციას. ეს ყველაფერი კი აისახება, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე, ამის შემდეგ ეკონომიკა სულ მცირე 4 %-ით გაიზრდება.’’