სტატიები

სასოფლო მიწების შესყიდვაზე შეზღუდვა მოხსნილია

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ,,მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის შეჩერების შესახებ კანონპროექტის ავტორები კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობენ და საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციისთვისაც მზად არიან. საპარლამენტო უმცირესობის წევრები კი, მოსალოდნელ ცვლილებებს არ ეთანხმებიან. 

პენჯაბელი ფერმერები წნორში 200 ჰექტარ მიწას ფლობენ
ინდოეთის პენჯაბის შტატიდან ჩამოსულ 26 წლის გურმიტ სინგჰის სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში 10 ჰექტარ მიწის ფართობზე ლობიო, კარტოფილი, სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. ინდოეთში მიწის მაღალმა ფასმა პენჯაბელი ფერმერი აიძულა, გამხდარიყო იმ ქვეყნის ემიგრანტი, სადაც დასახლებას ვერასდროს წარმოიდგენდა. 
სინგჰიმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 16 000 დოლარად 2 წლის წინ შეიძინა. 26 წლის ინდოელი ფერმერი პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარში ჰყიდის. ის ბიზნესის გაფართოებას გეგმავდა, მაგრამ, უცხოელებისათვის საქართველოში მიწის შეძენაზე დაწესებული მორატორიუმის გამო, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები ვეღარ შეისყიდა.
,,წნორში რამდენიმე ათეული ინდოელი ოჯახი ვცხოვრობთ და ბიზნესიც გვაქვს. ჩემი უამრავი თანამემამულე საქართველოში მიწის შეძენით დაინტერესდა, რადგან ინდოეთთან შედარებით აქ მიწა გაცილებით იაფი ღირს. გარკვეული ხნის განმავლობაში სხვა პენჯაბელ ფერმერებს პრობლემა შეექმნათ, რადგან უცხოელებისათვის მიწის მიყიდვა აიკრძალა. კარგია, რომ მორატორიუმი გაუქმდა, რადგან ჩემი ბევრი ახლობელი და ნათესავი ჩამოვა და კიდევ უფრო მეტ მიწას შევიძენთ”, – აღნიშნავს 26 წლის გურმიტ სინგჰი.
ინდოელი პენჯაბელი ფერმერები დაბა წნორში 200 ჰექტარ მიწას ფლობენ. მათ სასოფლოს-სამეურნეო დანიშნულების მიწები 2012 წელს შეიძინეს და ამის გამო ადგილობრივმა მოსახლოებამ ეს ფაქტი რამდენჯერმე გააპროტესტა. უცხოელებისათვის მიწის შეძენაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმების გამო წნორელი გივი გზირიშვილი აღშფოთებას ვერ მალავს: 
-,,ძალიან ცუდია, რომ ინდოელებს და კიდევ სხვა ქვეყნების ფერმერებს შეუძლიათ მიწის ყიდვა. მალე ქართველების საკუთრებაში სასოფლო-სამურნეო მიწა აღარ იქნება. ასე არ შეიძლება. ისე ვერ გაამტყუნებ იმასაც, ვინც მიწას ინდოელებს მიჰყიდის. სახელმწიფომ გლეხს არ უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მიწა გაყიდოს. აუქციონზე მიწის საწყისი ფასი 1000 ლარია. ამ აუქციონზე მიწას პენჯაბელი ფერმერი, არაბი შეიხი ან რომელიმე სხვა ქვეყვნის მოქალაქე იყიდის”. 
საქობოელი თამაზ სპანდერაშვილი კი, მორატორიუმის გაუქმებას მხარს უჭერს, მისი აზრით, საქართველოში მიწას უცხოელი ქართველები იყიდიან.
,,მიწა უნდა მივყიდოთ უცხოეთში მოღვაწე ქართველ კაცს, ის საქართველოსთვის ბევრ სიკეთეს გააკეთებს”, – ამბობს თამაზ სპანდერაშვილი. 

მორატორიუმის გაუქმება – სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება თუ კონსტიტუციური გადაწყვეტილება
ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით თამარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს. თამარაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი სამართლებრივი ბაზა უნდა შეიქმნას, რომელიც სრულად დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს, განსაკუთრებით მიწის მესაკუთრეთა უფლებებს და ამავე დროს მკვეთრად გააჯანსაღებს ეკონომიკურ გარემოს:
,,ის, რაც მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების ნამდვილი სახე. პატრიოტიზმს რომ თავი დავანებოთ, სრულად გაცხადდა ჩვენი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქართული მიწისადმი, როგორც ეკონომიკური კატეგორიისადმი. არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტი საფუძველს არ იძლევა სასოფლო-სამეურნეო მიწას ასე დაუდევრად მოვექცეთ. ეს მომავალში ჩვენს ეკონომიკასა და პოლიტიკურ რეალობაზეც შესაძლოა, ცუდად აისახოს. ამ ფაქტს მხოლოდ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ. ჩემი შეფასება ასეთია: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული მიწის შესახებ არის ეროვნული დანაშაული. საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინება საჭიროა, მაგრამ მას შესაბამისი სამართლებრივი რეგულირება სჭირდება. ის, რომ ინდოელი იყიდის ქართველისგან მიწას, შემდეგ იგი თავის თანამემამულეს მიჰყიდის და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად, ინვესტიციის შემოდინებისგან შორს დგას. როდესაც ინდოელი ამუშავებს და აქ ქმნის პროდუქციას, ეგ სხვა საკითხია”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება სა-კონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტების მენეჯერი გია გვალია აღნიშნავს, რომ გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებდა და მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა. გვალიას განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა პრობლემებს უქმნიდა უცხოელ ინვესტორებსაც, რომელთა ქვეყანაში მოზიდვა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
,,ჩვენ გავასაჩივრეთ ის შეზღუდვა, რომელიც დააწესა პარლამენტმა უცხოელებისათვის მიწის ფლობაზე. პარლამენტის მიერ მიღებული ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად. სასამართლომ თქვა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის ფლობას უკრძალავს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლს”, – განუცხადა ,,ნეტგაზეთს” გია გვალიამ. 
ექსპერტი სასოფლო-სამეურნეო საკითხებში პაატა კოღუაშვილისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო უცხოელებისათვის საქართველოში მიწის მიყიდვის აკრძალვა და პარლამეტს ასეთი ნორმატიული აქტის მიღებას არ ურჩევდა. 
-,,მორატორიუმი გამოსავალი არ არის, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა აღნიშნული ინიციატივა გახმაურდა. მორატორიუმზე საუბარი ყოველთვის პრობლემებთან ასოცირდება. პრობლემები, რომელიც თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს შეექმნათ, უნდა ყოფილიყო მაგალითი. მიწათსარგებლობის კანონში სწორედ ის ცვლილებები უნდა შესულიყო, რაც რამდენიმე თვის წინ მოვამზადეთ და კანონპროექტის სახით პარლამენტში შევიტანეთ.”
თავად კანონპროექტი კი, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა პაატა კოღუაშვილმა, სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაშვილმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა ზაურ ჯინჯოლავამ შეიმუშავეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას, საქართველოში მხოლოდ 2.5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძინოს. კანონპროქეტი ამავე დროს მიუთითებს, რომ საერთო ჯამში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.
პარლამენტის აგრარულ საკთხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მორატორიუმის გაუქმების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს. 
აგულაშვილი განმარტავს, რომ უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის მორატორიუმი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის 31 დეკემბრამდე იყო დაწესებული, რომელიც ერთ წელიწადში ვერ მოესწრო. იგი ამავე დროს სასამართლოს აკრიტიკებს ზეპირი მოსმენის გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, რომელსაც პარლამენტის წევრები ვერ დაესწრნენ. აგულაშვილი, ასევე, საუბრობს უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის შეჩერების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე და ამ მიზნით საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციისთვის მზად არის: 
-,,მთავრობასაც ჰქონდა იმედი, რომ 30 ნოემბრამდე შეძლებდა ყველა რეგულაციის ამოქმედებას. ჩვენ ვართ ერთგვარ ცაიტნოტში. ამ საკითხის საკონსტიტუციო დონეზე დარეგულირების მიზნით, ალბათ, გავაგრძელებთ კონსულტა-ციებს უმცირესობის წევრებთან”.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანას. მელიქიშვილს მიაჩნია, რომ მორატორიუმი არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებებს და ამავე დროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხებასაც უწყობს ხელს: 
-,,ჩვენ მხარს არ დავუჭერთ კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილების შეტანას. მსგავსი ნორმატიული აქტები ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და უცხოური ინვესტიციის მოზიდვას”.

მიწაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ იკლო
როდესაც 2013 წლის ივლისში უცხოელებისათვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი ამოქმედდა, მაშინ მთავრობას, ალბათ, არც უფიქრია, რომ ეს შეიძლებოდა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შემცირების მიზეზი გამხდარიყო. 
2011-2014 წლებში პრივატიზებულ მიწებზე განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2011 წელს 4,5 მლნ ლარი შეადგინა, 2012 წელს – 9, 275 მლნ ლარი და 8 მლნ ევრო, 2013 წელს – 4, 720 მლნ ლარი და 1 მლნ დოლარი, 2014 წელს – 440 000 ლარი და 1 მლნ დოლარი. 
მორატორიუმის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში კი, მიწების უცხოელების გასხვისების ეკონომიკურ ასპექტებზე ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილმა. 
,,მორატორიუმის შეჩერების შესახებ ჩვენ უკვე მივიღეთ გა-დაწყვეტილება, სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებს სასწრაფოდ გადავცეთ იჯარით”, – განაცხადა ივანიშვილმა. 
საქართველოში მიწის ყიდვის მოთხოვნით არაერთმა უცხოელმა ინვესტორმა მიმართა ფერმერთა ასოციაციას მორატორიუმის მოქმედების განმავლობაში. ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ უცხოელ ბიზნესმენებს გაურკვეველი სიტუაცია დახვდათ. 
ნინო ზამბახიძე დადებითად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მიწის აღწერის დასრულების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. 
მას მიაჩნია, რომ მიწის ყიდვა-გაყიდვის პროცესის დარეგულირების მიზნით ხელისუფლებას გარკვეული კანონპროექტის შემუშავება და მიღება მოუწევს. 
,,პირს აქვს უფლება, საკუთრებაში არსებული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან აქაურს მიჰყიდოს. ახალი კანონპროექტის მოსამზადებლად სახელმწიფოს მოუწევს ათმაგი დატვირთვით მუშაობა, რომ მყიდველს გაუჩნდეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა.”

სხვა ქვეყნებში უცხოელებისათვის მიწაზე საკუთრების უფლება შეზღუდულია
გაზეთ ,,აჭარის” აგროსამრეწველო განყოფილების ხელმძღვანელ რევაზ მსხილაძეს მოჰყავს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მაგალითი, სადაც მიწაზე საკუთრება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და სხვადასხვა ნორმატიული აქტით რეგულირდება, მაგალითად, ირლანდიასა და ჩეხეთში იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. 
ამ საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულებაა ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და ჩვენს მეზობელ თურქეთშიც, რომლის მოქალაქეებისთვის მიწის შეძენა შეზღუდული არ არის. 
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის ყიდვა ეკრძალებათ ამერიკის მთელ რიგ შტატებში, კანადის რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროვინციაში და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში. ზოგან ეს ირიბი მექანიზმებითაცაა გარანტირებული.
ევროკავშირში, მართალია, მიწაზე საკუთრების უფლებების მოპოვების მხრივ, ბევრი სახელმწიფოს მოქალაქეები გათანაბრებულები არიან, მაგრამ მათთვისაც დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკურად თითქმის შეუძლებელს ხდის მესამე ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიწის შეძენას.
მკაცრი პირობებია იმის მიზეზი, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 1 პროცენტზე ნაკლები ეკუთვნით სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან. ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიწის ყიდვა შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ მოთხოვნებს, კერძოდ, სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, შრომით გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და ა. შ.
ბულგარეთში, ლიტვაში, ინდოეთსა და ჩინეთში უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ტყეების მიყიდვა აკრძალულია.
,,მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ექცევა მიწას ისე ვანდალურად, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უცხოელს, რომელსაც იმ ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია, სადაც ცხოვრობს და ეწევა საქმიანობას, არ აძლევენ მიწის შესყიდვის, საკუთრებისა და მით უმეტეს მემკვიდრეობით მიწის გადაცემის უფლებას. ეს განსაკუთრებით მცირე მიწიან სახელმწიფოებს ეხება”, – აღნიშნავს ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით თამარაშვილი. 
პარლამენტის მიერ გასული წლის ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალული იყო. მორატორიუმმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სარჩელის საფუძველზე გააუქმა, მხოლოდ ერთ წელს იმოქმედა.