პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი დარგები დაემატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ცვლილება შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიხედვითაც გაფართოვდა იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, დამატებულ დარგებს შორისაა სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა, რადგან აქ დასაქმების ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, ასევე ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარებისა და ჩარხების წარმოება, ლოგისტიკური სერვისი და საწყობები, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებების საქმიანობები და სხვ.
“იცით, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში, ერთ ლარად გადავცემთ გარკვეულ ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ – განსაკუთრებით ეს პრაქტიკა არის რეგიონებში, აპრობირებულია, მაგრამ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. შესაბამისად, უკვე გვაქვს დარგების ფართო ჩამონათვალი, დაინტერესებული ინვესტორი მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით ინვესტიციისა და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ, მას ეს მიწა გადაეცემა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ასევე განხორციელებული ცვლილებით, პროგრამის ბენეფიციარებს უმარტივდებათ პირობები და მათ აღარ ექნებათ კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვების ვალდებულება.
,,ამ თხოვნით მთავრობას ხშირად მიმართავდნენ პროგრამის ბენეფიციარი საწარმოები, რომ მომხდარიყო ვალდებულებით განსაზღვრული პროდუქციის იმ რაოდენობის გადახედვა, რასაც ისინი აწარმოებდნენ”,-განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი განმარტებით, პანდემიის გამო განსაკუთრებულად დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ ასევე მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მათი საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს იმის მიუხედავად, რამდენად დროულად გადაიხდიან თავიანთ წილ კონტრიბუციას.