კახეთში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი ჩატარდება
კახეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი – ,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმის მიზანი, პოტენციური ინვესტირებისთვის კახეთის ეკონომიკური პოტენციალის გაცნობაა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 3 პენელური სესიის ორგანიზება, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იქნება სოფლის მეურნეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში.
ფორუმს დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.
კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე მოწვეულია 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი.
ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიება 30 მაისს, 11:00 საათზე, ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი