წინანდლის მამული მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 17-დან 20 სექტემბრამდე იმართება.
წლევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფესტივალის ფორმატი განსხვავებულია: შემცირებულია ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა, არ მოხდა ახალგაზრდული პანკავკასიური ორკესტრის შეკრება და შეზღუდულია კონცერტებზე დასწრების მსურველთა რიცხვიც.
ფესტივალის ფარგლებში, წინანდლის ღია ამფითეატრში მსმენელის წინაშე მაინც წარსდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი. ასევე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კამერული შემადგენლობით და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი.
წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარტინ ენგსტრომი და სამხატვრო კონსულტანტის ავი შოშანი აცხადებს, რომ საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი გასულ წელს დაარსდა და შარშან წინანდლის მამულმა 40-მდე კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად, კამერული და სიმფონიური ორკესტრები მონაწილეობდნენ.
“მადლობას ვუხდით ყველა არტისტს, ვინც ასეთი ენთუზიაზმით დათანხმდა ჩამოსულიყო წინანდლის წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ასეთი ერთგულება ამ განსაკუთრებული ადგილისადმი ძალზე ამაღელვებელია. ამ განწყობას იზიარებს შარშან გამართულ პირველ ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაყურებელიც. ყველა, ვისაც რამე კავშირი აქვს ფესტივალთან, მოუთმენლად ელოდება შესანიშნავი მუსიკის ზეიმს ამ ოთხი დღის განმავლობაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მუსიკის ძალას გააერთიანოს ადამიანები ძნელბედობის დროს.”
წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი ავი შოშანი და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.
ავტორი: მაკა ხაზიური