რუსეთი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს ზრდის
“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსა და შესაძლებლობებს. ამ მხრივ, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს “როსსელხოზნადზორის” გადაწყვეტილება გაზარდოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში დაშვებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ნუსხა”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ საქართველოდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალის გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.
“როსსელხოზნადზორის” უფროსის მოადგილე ალექსანდრ საურინი წერილში მადლობას უხდის ქართულ მხარეს რუსი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტისას ერთობლივად განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აცნობებს, რომ “როსსელხოზნადზორი” თანახმაა, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობით, 2014 წლის 9 ივლისიდან რუსეთის ფედერაციაში დაუშვას ხახვის, სტაფილოს, ჭარხლის, წიწაკის, წითელი ტკბილი წიწაკის, საზამთროსა და ნესვის ექსპორტი.
2014 წლის 26 მაისიდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი – ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი და კენკროვნები დაემატა; 9 ივლისიდან კი ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რუსეთის ფედერაციაში ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, წიწაკა, წითელი ტკბილი წიწაკა, საზამთრო და ნესვი გაიტანონ.
სულ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში 3 ათას ტონამდე კურკოვანი ხილის ექსპორტი განხორციელდა.