სტატიები

1. ინვესტორების საინფორმაციო გზამკვლევი 2 თვეში დასრულდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, პროგრამა და კვლევები მზადდება იმისთვის, რომ შეიქმნას ყველა წინაპირობა, რათა ადგილობრივ ფერმერს თუ უცხოელ ინვესტორს ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოს აგრარულ სექტორში არსებული რეალური მდგომარეობისა და შესაძლებლობის შესახებ:

,,გზამკვლევზე დარგობრივი კომისიები მუშაობენ. ამჟამად სამინისტროში 17 ასეთი კომისიაა. მათ შორის: მეცხოველეობის, მეთევზეობის, მეკარტოფილეობის. ასეთი დოკუმენტი აქამდე არ გაკეთებულა. ჩვენ ვმუშაობთ თესლბრუნვის საკითხებზეც – ნაკვეთზე, სადაც ერთ წელს კარტოფილი მოჰყავთ, მეორე წელს აუცილებლად ხორბალი, ან ქერი უნდა დაითესოს. როცა ნიადაგი ისვენებს, ამით ორივე კულტურა იგებს. შესაძლოა, გლეხისთვის კარტოფილის მოყვანა უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე ქერის, მაგრამ მას უნდა ავუხსნათ, რომ ნიადაგი აუცილებლად უნდა დაასვენოს. როცა ერთსა და იმავე ნაკვეთზე 7 წელი ზედიზედ კარტოფილს თესავ, იქ გარკვეული დაავადებები ჩნდება. ასეთი ნიუანსები ძალიან ბევრია“
ცოფურაშვილისვე განცხადებით, სამინისტროს საბოლოო მიზანის ადამიანებმა გაიგონ ამა თუ იმ კონკრეტულ რაიონში ბაზრის კვლევიდან და მისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე რისი წარმოება მიიჩნევა მიზანშეწონილად:
,,კახეთში მევენახეობის გარდა კარგად მუშაობს ხილიც, მაგალითად, ატამი. არის ერთი სოფელი, რომელიც მთლიანად ატმის, უფრო სწორად კი ვაშლატამას მოყვანაზეა კონცენტრირებული. ასეთი სოფელია ჩუმლაყი. ყველა ის კომპანია, რომელიც საქართველოდან ატმის ექსპორტით არის დაკავებული, ჩუმლაყში ჩადიოდა და შესაბამისად, იქ 1 კგ ხილიც არ დარჩა გასაყიდი. საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იქით, რომ ვიცოდეთ, რომ რომელიღაც კონკრეტულ სოფელში კარგად მოდის ამა თუ იმ ჯიშის ვაშლი, რომელიც მოთხოვნადია და ეს სოფელიც ამ ვაშლის მოყვანაზე იმუშავებს. მაგრამ ამავე დროს დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ ამ სოფლიდან პროდუქციის დიდი რაოდენობის მიღება იქნება შესაძლებელი და ის აუცილებლად გავა სადმე”.
არსებული მასალის სრულყოფას და დახვეწას დაახლოებით კიდევ 2 თვე დასჭირდება. საბოლოო დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ინტერაქტიური რუკის სახით დაიდება.