1. თელაველი მერაბ არავიაშვილი მუშტებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

მერაბ არავიაშვილის შედეგმა ამერიკელების მაიკ ჩენგის და ბობი ნატოლის რეკორდების ჯამურ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა. მან დროის ერთწუთიან მონაკვეთში მუშტებზე შეუსვენებლად 105 აზიდვა შეასრულა. ქართველი რეკორდსმენის განცხადებით, ასეთი მაღალი შედეგი მისთვისაც კი მოულოდნელი იყო.

„ამ რეკორდისთვის მზადება 6 თვის წინ დავიწყე. მიღწეულით კმაყოფილი ვარ, არ ველოდი, თუ ასეთ შედეგს ვაჩვენებდი. ვარჯიშს ვაგრძელებ და სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას ვგეგმავ!“ – განაცხადა მერაბ არავიაშვილმა.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგნელებმა ქართველი სპორტსმენის მიღწევა ადგილზე დააფიქსირეს. ფედერაცია მონაცემებს უახლოეს მომავალში გინესის მსოფლიო რეკორდებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

უწყების ინფორმაციით, მუშტებზე აზიდვაში გინესის რეკორდი თავდაპირველად ცნობილ ამერიკელ ფიტნეს–ინსტრუქტორს, მაიკ ჩენგს ეკუთვნოდა – იგი ერთ წუთში მუშტებზე 45–ჯერ აიზიდა. მოგვიანებით, 2014 წლის 22 მარტს კი ბობი ნატოლიმ 58 მოძრაობა შეასრულა. 
აზიდვის ამ სახეობაში მსოფლიო ახალი რეკორდსმენი თელაველი მერაბ არავიაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტია. პარალელურად, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ და საგანგებო ღონისძიებათა ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში.