პრემიერი მოსახლეობას პირდება, რომ ელექტროენერგია არ გაძვირდება
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ ამ თემაზე სრულიად უსაფუძვლო განცხადებები გაკეთდა და მიზანმიმართული კამპანია დაიწყო.
როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს განუმარტა, ამ თემაზე განცხადება “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელმა მისთვის გაუგებარი მიზეზით გააკეთა, თუმცა ტარიფებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა, არანაირი ზრდა არ ემუქრება.
ტარიფების დაანგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე სემეკი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
როგორც commersant.ge–ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა, ახალი სატარიფო მეთოდოლოგია წამახალისებელი მეთოდოლოგიაა, რომელიც ასახავს ქვეყნის განვითარების დონეს. იგი ასტიმულირებს ინვესტორს, რომ შემოიტანოს რესურსი და ჩადოს ის განაწილების სექტორში. „განაწილების სექტორი საკმაოდ კაპიტალტევადია და ის საჭიროებს ინვესტიციების დიდ მოცულობას, იმისათვის რომ, ქსელი იყოს გამართული და მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი“, – დასძენს ის.
შონიას თქმით, EnergoPro Georgia–ს მემორანდუმს ვადა უმთავრდება მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, შესაბამისად მისი თქმით, კომპანიისთვის ტარიფი დაითვლება ახალი მეთოდოლოგიით. რაც შეეხება თელასს, მისივე თქმით, მასთან ტარიფებთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმებულია 2025 წლამდე, თუმცა, თუ მოხდება საკანონმდებლო ცვლილება, შესაძლოა თელასისთვისაც ამ მეთოდოლოგიით დადგინდეს ტარიფები. ხოლო, კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან დაკავშირებით, სემეკს აქვს გარკვეული გეგმები და შონიას თქმით, კომპანიისთვის ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი ტარიფები 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
შონიას განცხადებით, ისინი ადგენენ არა ტარიფების მოცულობას, არამედ წესს. ამჟამად კი მიმდინარეობს კომპანიების ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშების აუდიტი და განხილვა. „შეუძლებელია თქმა ტარიფი გაიზრდება თუ შემცირდება, ეს გვეცოდინება მაშინ, როცა ამას კომისია დაამტკიცებს“, – დასძენს ის.
მისივე ინფორმაციით, ადრე ტარიფების განსაზღვრა ხდებოდა მემორანდუმების საფუძველზე.
თავის მხრივ თელასში კომენტარს არ აკეთებენ.
კახეთის ენერგოდისტრიბუციის გაკოტრების მმართველი ზაურ რეხვიაშვილი კი აცხადებს, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპისკენ, რაც საშუალებას იძლევა სამივე კომპანიის დანახარჯებს ერთიან ჭრილში უყურებდეს სემეკი და ენერგეტიკის სამინისტრო და იყოს კონტროლირებადი.
მისივე თქმით, მეთოდოლოგია კომპანიებს ერთიან რეჟიმში აყენებს და უფრო კონკურენტული იქნება, ვინც უფრო მეტ ნოუ–ჰაუს დანერგავს.
EnergoPro Georgia-ს გენერალური დირექტორის ნიკოლაი ნიკოლოვის განცხადებით, მათ შემუშავებული აქვთ ინვესტიციების 3 წლიანი გეგმა, რომელიც უკვე ჩააბარეს კომისიას. გეგმის თანახმად კომპანია თითო წელს 100 მილიონი ლარის ინვესტირებას მოახდენს.
„არ ვიცი, ტარიფი რამდენით გაიზრდება, ეს იქნება 1 თეთრი თუ 0.5 თეთრი. თუმცა თუ იქნება საჭირო ინვესტიციები, ტარიფი უნდა გაიზარდოს, ეს დამოკიდებულია ქსელის მდგომარეობაზე. თუ მთავრობას და სემეკს სურს, რომ ქსელი კარგ მდგომარეობაში იყოს, ტარიფი უნდა გაიზარდოს,“ – აცხადებს ნიკოლოვი.
მისივე თქმით, მათ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი მთავარი დაპირება იყოს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მართლაც მოხდა ტარიფების გაიაფება.
მიმდინარე წლის თებერვალში, ტარიფების შესახებ საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხდა: “ტარიფების შემცირების კუთხით ამ ეტაპზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდა. ელექტროენერგიაზე მოვახერხეთ ტარიფის 4 თეთრით, ხოლო გაზზე – 5 თეთრით შემცირება.“