კრიზისული გზა – რა ხდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მრავალწლიანი სტაჟის მქონე პროფესორები გაათავისუფლეს. ოფიციალური მიზეზი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 13 ივნისის გადაწყვეტილება გახდა.
რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების გამო შრომითი ხელშეკრულება ერთდროულად უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორს შეუწყვიტეს. მათ შორის, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი გოცირიძეა.
უნივერსიტეტში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უკავშირებს, რადგან სამსახურის გარეშე დარჩენილი პროფესორები, საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან. პროფესორებისა და სტუდენტების ნაწილი საპროტესტო განცხადებებს აკეთებდნენ: https://knews.ge/?p=106554
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 5 წევრისგან შედგება,
საბჭოს წევრები: შალვა ჭკადუა – ასოცირებული პროფესორი, გაგა ბუიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ნანა რინკიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი – პროფესორი, ნათია ბაღათრიშვილი – ასოცირებული პროფესორი.
საბჭო გადაწყვეტილებას უმრავლესობით იღებს. აკადემიური საბჭოს დებულებაში, (მუხლი 2) აღნიშნულია, რომ საბჭოს მართვის პრინციპი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობაა.
თუმცა მთავარი კითხვები საბჭოს ამ გადაწყვეტილების სამართლიანობას შეეხება, რომელიც მაღალი პროფესიული დონისა და უნარებით გამორჩეულ პროფესორებს უნივერსიტეტის მიღმა ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ თელავის უნივერსიტეტი წლებია კრიზიულ გზას გადის. სტუდენტური ნაკადები წლების განმავლობაში მცირდება. ბოლო 20 წელიწადში უნივერსიტეტმა რამდენიმე რექტორის მმართველობისას არაერთი რეფორმა და საკადრო ცლილება განახორციელა, თუმცა ინსტიტუციაზე არსებითი და შთამბეჭდავი ცვლილებები არ ასახულა. ამის მიუხედავად, იყო წინსვლაც: მთავარი რეფორმები 2004-2010 წლებში, გოცირიძის რექტორობის დროს გატარდა, რის შედეგად უნივერსიტეტის სტუდენტური ნაკადი თითქმის 70% ით გაიზარდა.
მოგვიანებით, ევროკავშირთან ასოცირების პროცესის დაწყების შემდეგ, რექტორი – ირმა შიოშვილი, თელავის უნივერსიტეტში ევროპული განათლების სისტემასთან დაახლოების პროგრამები, ერასმუსის არაერთი გაცვლითი პროგრამა განხორციელდა. ასეულობით სტუდენტსა და პედაგოგს საშუალება მიეცა განათლების ხარისხი ევროპულ და სხვა ცივილურ ქვეყანაში აემაღლებინა. ევროპული პროგრამები უნივერსიტეტში დღემდე ხორციელდება.
წლების განმავლობაში უნივერსიტეტის მართვისას პოლიტიკური გავლენების ანარეკლი არაერთ არასახარბიელო შედეგებზე აისახებოდა. მაგალითად, 2020 წელს თელავის უნივერსიტეტის პროფესორს ფიზიკურად გაუსწორდნენ: https://knews.ge/?p=44200
ჯერ კიდევ 2015 წელს უნივერსიტეტი დახურვის საფრთხის წინაშე არაეფექტური მართვისა და მცირე ნაკადების გამო რეალურად იდგა. იხილე სტატია.
მასშტაბური გათავისუფლება 11 წლის წინ 2014 წლის 1 სექტემბერსაც განხორციელდა, მაშინდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაატა გოცირიძის ბრძანებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა.
უნიცერსიტეტში მიმდინარე საკადრო პროცესს თელავის საზოგადოების ნაწილი გამოეხმაურა და აკადემიური საბჭოს ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ქმედებად შეაფასა.



