სტატიები

თელავის უნივერსიტეტი დახურვის საფრთხის წინაშეა

თესაუს 21 საბაკალავრო პროგარამაზე გამოცხადებულ 780 ადგილზე მხოლოდ 179-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. ბოლო 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობის კლება 2011 წლიდან დაიწყო. 2011 წელს ჩაირიცხა 602, 2012 წელს – 442, 2013 წელს – 360, 2014 წელს – 179. ამჟამად თესაუში მხოლოდ 1220 სტუდენტი სწავლობს, მაშინ, როდესაც 2013-2014 სასწავლო წელს დაახლოებით 1800 სტუდენტი ეუფლებოდა უმაღლეს განათლებას. საზოგადოების ნაწილი აქტიურად ალაპარაკდა კახეთის რეგიონის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებლის შესაძლო დახურვაზე.
თელაველი მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი, მიესალმება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახურვას. მოსიაშვილი თესაუს კურსდამთავრებულია და თესაუში გატარებულ ოთხ წელიწადს დროის დაკარგვად მიიჩნევს. ტორესა მოსიმ ამ საკითხის შესახებ საკუთარი აზრი სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა.
-,,რეფორმა კი არა, დახურვა და ხელახალა აწყობა თუ უშველის, სხვა ვერაფერი. ასე რომ, მივესალმები, რაც დასახურია, უნდა დაიხუროს. ამის შემდეგ თუ ქალაქს უნდა და სჭირდება უნივერსიტეტი, გაიხსნება ხელახლა, თუ არადა, რა საჭიროა, ერქვას უნივერსიტეტი და სასკოლო განათლების დონესაც ვერ აკმაყოფილებდეს, გაუგებარია ჩემთვის”.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც საუბრობენ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე, სწავლის დაბალი ხარისხის გამო, უკმაყოფილებას ვერ მალავენ, თუმცა საკუთარი ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებენ. ისინი, ასევე პროტესტს გამოხატავენ სტუდენტური ცხოვრების პასიურობის გამო და აღნიშნავენ, რომ, თუ შესაძლებლობა მიეცემათ, მობილობის წესით თბილისის რომელიმე წამყვან უმაღლეს სასწავლებელში გადავლენ.
,,სტუდენტი ამ უნივერსიტეტში მაღალი დონის განათლებას ვერ მიიღებს. სწავლის მოტივაციაც დაკარგული გვაქვს, რადგან გამოცდების დროს არავინ არ გვაკონტროლებს და თავისუფლად ვიწერთ. სტუდენტს კი, აუცილებლად უნდა მოსთხოვო, რომ ისწავლოს. II კურსზე საგამოცდო ცენტრი გვიტარებდა გამოცდებს და მაშინ ყველამ დავიწყეთ სწავლა. ამჟამად კი, ლექტორები გვიტარებენ გამოცდებს. გარდა ამისა, სტუდენტური ცხოვრება თითქმის არ არის. ამ მხრივ ეს უნივერსიტეტი თბილისის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ვერც კი შეედრება”, – აღნიშნავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილა.
თესაუს პირველი კურსის სტუდენტმა, თელაველმა გიორგი ბაღანაშვილმა რეგიონის ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელში იმიტომ ჩააბარა, რომ თელავში ცხოვრებით ფინანსურად ხელი შეეწყობა. ბაღანაშვილი თესაუში სწავლის დონით კმაყოფილია და მისთვის მისაღებია სწავლების მეთოდები. ბაღანაშვილი აქვე განმარტავს, რომ, თუ სტუდენტს აქვს განათლების მიღების სურვილი, ის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეიძენს შესაბამის ცოდნას და ჩამოყალიბდება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად.
-,,ჯერ მხოლოდ ოთხი დღეა, რაც სწავლა დავიწყე და ჯერჯერობით ყველა ლექტორს არ შევხვედრივარ, მაგრამ რამდენიმე უკვე გავიცანი და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ლექტორები არიან”.
თესაუს კიდევ ერთი სტუდენტი, ბოლნისელი ნათია დემურაშვილიც კმაყოფილია არჩევანით და აბიტურიენტებს თელავის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისკენ მოუწოდებს.
-,,ბოლნისის რაიონიდან ვარ და აქ ჩავაბარე. მიხარია, რომ არ შევმცდარვარ. სწავლის ხარისხით კმაყოფილი ვარ. თელავის უნივერსიტეტში ნებისმიერ სტუდენტი მიიღებს ხარისხიან განათლებას და ჩამოყალიბდება თავისი საქმის პროფესიონალად”.
თესაუს ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრად შემცირებით და გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შალვა ჭკადუა სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრად შემცირებით მთავარ მიზეზად ასახელებს უმაღლესი სასწავლებლის იმიჯის შემლახველ მიზანმიმართულ კამპანიას.
-,,იმ დროს, როდესაც აბიტურიენტები ირჩევენ უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო პროგრამებს, ცენტრალური თუ ადგილობრივი ტელევიზიებიდან თელავის უნივერსიტეტის მისამართით ხშირად გამოთქვამენ უარყოფით აზრებს. ხშირ შემთხვევაში ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ამბობენ, რომ უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია, ფაკულტეტმა დაკარგა აკრედიტაცია”.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტების ჩამონათვალი თავიანთ განაცხადში შეცვალონ. ჭკადუა მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი სტუდენტების რაოდენობის მხრივ ნეგატიურად აისახება რეგიონულ უნივერსიტეტებზე.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის მთავარი სპეციალისტი არჩილ გამზარდია უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა რაოდენობის კლების მთავარ მიზეზად მიიჩნევს, ერთი მხრივ, სამიზნე ჯგუფთან არაეფექტურ ურთიერთობას და უნივერსიტეტის ნაკლებ პრესტიჟს. გამზარდია ფიქრობს, რომ რეგიონებიდან სტუდენტთა მიგრაცია ერთ-ერთი მიზეზია, რომელიც ნეგატიურად აისახება რეგიონულ უნივერსიტეტებზე.
-,,აბიტურიენტების მოზიდვებზე უმაღლეს სასწავლებელმა ბევრი უნდა იმუშაოს, ერთი მხრივ, შექმნას სასურველი პროდუქტი და, მეორე მხრივ, კარგად მიიტანოს მის შესახებ ინფორმაცია ადრესატამდე.
ამავე მიზეზებად შეგვიძლია დავასახელოთ მიგრაციის მაჩვენებელიც, რომელიც შესაძლოა, ასევე მოქმედებდეს მოზიდვების საწინააღმდეგოდ, ხშირად ეს საკითხი ბევრად უფრო ფართო და რთულია, რამდენადაც ახალგაზრდები ისწრაფვიან, დატოვონ რეგიონები და უმაღლესი სასწავლებლების შერჩევა სხვაგან, მაგალითად, დედაქალაქში, გარკვეულ გამოსავლად მიაჩნიათ”.
სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრად კლება იასახება უნივერსიტეტის ბიუჯეტზეც. უნივერსიტეტის ბიუჯეტში, თანხის შემცირების გამო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, 24 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა.
თუ სტუდენტთა რაოდენობის კლების ტენდენცია გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ კახეთის რეგიონის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო კერა დაიხუროს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას კი, არსებული სიტუაციიდან გამოსვლის ეფექტური გეგმა არ აქვს.