,,ყვარლის ბაგას” 2-მილიონიანი კრედიტი მისცეს
რძის მწარმოებელ ფერმას – “ყვარლის ბაგას” საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ( IFC) 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო. კორპორაციაში აცხადებენ, რომ კრედიტი ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდას, აგრობიზნესის განვითარებას და სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
“ჩვენ განვახორციელეთ ყველაზე რისკიანი პროექტი საქართველოში – ავაშენეთ კლასიკური დასავლური ტიპის და ძალიან შთამბეჭდავი ფერმა. ამჟამად ფერმაში ყოველდღიურად 3 ტონა ახალ რძეს ვაწარმოებთ და მას მთლიანად „სანტეს“ ვაწვდით. IFC-ის სესხი დამატებითი დანადგარების შეძენაში დაგვეხმარება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ რძის ყოველდღიური წარმოება 10 ტონამდე გავზარდოთ, ფერმაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი გავაორმაგოთ. ამ ინვესტიციის შედეგად “ყვარლის ბაგა” საქართველოში ნატურალური რძის მწარმოებელი ყველაზე მსხვილი ფერმა გახდება და საქართველოს რძის წარმოება იმპორტულ რძის ფხვნილზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული”, – ამბობს პაპაშვილი.
IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტგორი ტომაშ ტელმა აცხადებს, რომ IFC-ი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას:
“საქართველოს აგრარულ სექტორში ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტია დასაქმებული. მიუხედავად ამისა, ამ სექტორის პროდუქტიულობის ზრდა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ეს ინვესტიცია მაღალი ხარისხის რძის მწარმოებელ კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ წარმოება კიდევ უფრო გააფართოვოს და საქართველოს ბაზრის მზარდი მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. ეს გადატრიალებას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე”.
რძის მწარმოებელი ფერმის – “ყვარლის ბაგას” მეპატრონე, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია.