ნინო ჩხობაძე- რეგიონებში, ინფრასტრუქტურულად მზად არ ვართ სტიქიებისთვის
„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ გადაცემაში „თქვენი დრო“ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ქარბორბალაზე ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოსთვის ეს ბუნებრივი მოვლენა ცნობილი იყო, თუმცა ახლა ის პერიოდი დაიწყო, როცა ასეთი შემთხვევები დაფიქსირდება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანა სტიქიებისთვის მომზადებული იყოს.
„ჩვენ ასეთი მოვლენებისთვის ინფრასტრუქტურულად მზად არ ვართ, განსხვავებით ამერიკელებისგან, სადაც ტორნადოსთვის მზაობა არის ძალიან დიდი. იქ შენობა-ნაგებობები არის ძალიან მსუბუქი. ფაქტობრივად, არ შენდება ქვის სახლები და ყველას აქვს თავშესაფარი, მიწის ქვეშ. ჩვენ ამის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ტრადიციულად ჰქონდათ მიწის ქვეშ სარდაფები, დღეს რომ გაიაროთ სოფლებში, შესაძლოა ასეთი სარდაფები ვეღარ აღმოაჩინოთ“, – განაცხადა ნინო ჩობაძემ.
როგორც მან განმარტა, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ბუნებრივი მოვლენა განმეორდება.