ახალი ამბები

“ქართულ ოცნებაში” კლანებს შორის დაპირისპირებაა და საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა მიმდინარე გამოძიებები და მათი ფიგურანტები. შედეგად, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად არიან ან სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით.

TI-ის შეფასებით, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას, და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება.

უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომებს. ბოლო თვეებში, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, იქნებოდა ეს:

ივანიშვილის ეჭვიანობა, თითქოს ლილუაშვილ/ღარიბაშვილმა შეძლეს დასავლეთის წარმომადგენლებთან შეთანხმების მიღწევა და საკუთარი თავებისთვის გარანტიების გამოვაჭრება;
მათი ჩართულობა თაღლითურ ქოლცენტრებში, ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემებში, თუ სხვა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულში;
თუ ივანიშვილის მცდელობა, მის მიერ წლების განმავლობაში ნებადართული კორუფციით გამდიდრებული პირებისგან შეივსოს დასავლური სანქციებით მიღებული ფინანსური ზარალი.
ზუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა.

“2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 8 გამოძიება, სადაც გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ლილუაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

გამოძიებები ეხება გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილ ხიდს, რომლის ზარალი აღემატება 16 მილიონ ლარს, „ლაგი კაპიტალის“ საქმეს – 11 მილიონი ზარალით, და ალკოჰოლის უკანონო წარმოებას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დაახლოებით 1,4 მილიონი აშშ დოლარი ბრალდებულთა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან; ასევე გამოძიების პროცესშია 4 მილიონზე მეტი ლარის უკანონო დაუფლების საქმეც. ჯამში, ზარალი 32 მილიონ ლარს აჭარბებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, სისხლისამართლებრივი დევნა ღარიბაშვილის გუნდის ორი წევრის რომეო მიქაუტაძისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობა: ყოფილი პრემიერ-მინისტრი / ყოფილი თავდაცვის მინისტრი / ყოფილი შს მინისტრი.

რას ედავებიან: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და შემოსავლების წარმომავლობის დამალვა

თანამდებობის პირისთვის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.
დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს;
შემოსავლების დამალვის მიზნით დეკლარაციებში ყალბი ინფორმაციის მითითებას;
830,000 ლარის გათეთრებას;
დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463,630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210,000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი – 6,5 მილიონი დოლარი ამოღებული იქნა მისის საცოხვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად.
სტატუსი: შეეფარდა გირაო – 1 მილიონი ₾.

რომეო მიქაუტაძე – ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრი

თანამდებობა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე.

რას ედავებიან: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება; სამეწამეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა.

600,000 ევროს დაუსაბუთებელი შემოსავლით შეიძინა უძრავი ქონება ესპანეთში და გააფორმა ოჯახის წევრის სახელზე; 1 მილიონ ლარამდე ღირებულების 2 ერთეული ავტომობილი მისი და მისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

სტატუსი: დაკავებულია.

ჯუანშერ ბურჭულაძე – ირაკლი ღარიბაშვილის მეჯვარე და კურსელი

თანამდებობა: თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

რას ედავებიან: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. სამხედრო ჰოსპიტლისთვის MRI აპარატის შესყიდვის საქმე და ქონების დამალვა – ესპანეთში 544,000 ევროდ შეძენილი სახლიანი მიწის ნაკვეთი არ ასახა დეკლარაციაში.

ტომოგრაფიის აპარატის საქმე: სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მოწყობილობის შესყიდვა თავდაცვის სამინისტროს მიერ.

გამოძიების მიხედვით, მიზანმიმართულად შეიქმნა არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც სამინისტროს მიადგა 1,333,728 ლარის ზიანი. MRI აპარატი სამინისტრომ იყიდა 3,940,000 ლარად, ნაცვლად 2,606,272 ლარისა.

სტატუსი: დაკავებულია.