ქუთაისში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა
ქუთაისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც წარმოდგენილია არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, იმერეთის რეგიონში.
მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრები გააუქმა, ყოფილმა თანამშრომლებმა ქუთაისში გადაწყვიტეს ახალი ფორმატით და მიზნებით ახალი საინფორმაციო კერა შეექმნათ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
,,ააიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახალი პლატფორმით, სამოქალაქო სექტორის სტატუსით დაფუძნდა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ სახელის შენარჩუნება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო პროცესის განახლება რეგიონიდან დაწყებულიყო, რადგან ევროინტეგრაციის პროცესში თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და გააზრებული არჩევანი მნიშვნელოვანია. ორგანიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაძლიერებასა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერას. ორგანიზაციის მისიაა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე, ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის სანდო, ობიექტური და ინსტიტუციურად გადამოწმებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 14 დეკემბერია ჩვენი საქმიანობის დაწყების დღეს. ეს თარიღი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის. სწორედ ამ დღეს, 2023 წელს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაბიჯია ევროპულ ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე. სიმბოლურია ის ფაქტიც რომ ორგანიზაცია დაარსდა რეგიონში. რეგიონებიდან უნდა ისმოდეს მოქალაქეების ხმა, რომლებიც ურყევად დგანან ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე”,- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიკა ვაჭარაძე.
მარიკა ვაჭარაძე აღნიშნავს, რომ იმ დეზინფორმაციულ ნაკადში, რომელიც დღეს მიმდინარეობს, გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენს ცენტრის არსებობა, რომლის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა მოქალაქეების ინფორმირებულობა.
,,პრიორიტეტად მივიჩნევთ ანტიდასავლური დეზინფორმაციის პრევენციას, რომლის წინააღმდეგაც ვმოქმედებთ პროფესიონალიზმის, გამჭვირვალეობისა და საზოგადოებრივი სამსახურისადმი ურყევი ერთგულების საფუძველზე.”-აცხადებს მარიკა ვაჭარაძე.
მისივე განმარტებით, ცენტრის ლიკვიდაციით, რომელიც რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით მოხდა, ფაქტობრივად სახელმწიფომ უარი თქვა მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გაზიარებაზე.
,,უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას ხალხი იღებს, შესაბამისად მოქალაქეებმა სწორად უნდა იცოდნენ ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელიც ევროკავშირის წევრობას ახლავს თან. თუმცა წევრობამდე კიდევ მრავალი საკითხია გასააზრებელი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს გადაწყვეტილება. მაშინ როცა 9 პუნქტიან რეკომენდაციაში პირველი რეკომენდაცია დეზინფორმაციას და ანტიდასავლური ნარატივების გაქარწყლებას ეხება, თუ მართლა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვი და გინდა, ცენტრი არ უნდა გააუქმო. პირიქით, უნდა გააძლიერო, გააჯანსაღო და მისცე შესაძლებლობა, რესურსი მოქალაქეებდე ხმის მიწვდენის. ამ გადაწყვეტილებაში სურვილსა და ქმედებას შორის ლოგიკურ ბმას ვერ ვხედავ”,-აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას მარიკა ვაჭარაძემ.






