ახალი ამბები

„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

“გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანამდევ პროექტებთან ერთად დღეს განიხილა.

კანონპროექტით განისაზღვრება სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის შესახებ მონიტორინგის, ანგარიშგებასა და დამოწმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებული იქნება ავტორიზაციის გამცემ ორგანოს ყოველწლიურად წარუდგინოს სათბურის გაზების წლიური გაფრქვევის შესახებ ანგარიში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“-ს ან/და ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA), შესაბამის სფეროში, მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყანაში აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ.

კანონპროექტით სამართლებრივი საფუძველი იქმნება საქართველოში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის შექმნისა და სისტემის ფუნქციონირების დეტალური მოწესრიგებისთვის. ამასთან, შესრულდება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

საკითხი განსახილველად პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ყველა საქმიანობასთან მიმართებით, გარდა საავიაციო სფეროსი, გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება. საავიაციო საქმიანობის ნაწილში ავტორიზაციის ორგანო იქნება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.