ახალი ამბები

მარტა კოსი – იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება

გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ მართლები არ არიან, თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ რედაქტორის შეკითხვას, რას უნდა ელოდოს საქართველო ევროპული საბჭოს საბოლოო დასკვნებიდან და როგორ შეიძლება საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს იმ ფონზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.

„დასკვნებს გააკეთებს საბჭო, ამიტომ არ შემიძლია ვისაუბრო ამაზე. მაგრამ იცით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო განიცდის ისეთ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორსაც არც ერთ სხვა ქვეყანა. ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვაგვარად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ მართლები არ არიან, თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ”, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება.

„ნამდვილად, ნამდვილად იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, თქვენი ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, – აღნიშნა ევროკომისარმა.