მარუსა ტურაბელიძე- ველისციხელი მკერავი, რომელმაც გასულ საუკუნეში ჭრა-კერვის უფასო სკოლა დააარსა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მარუსა ტურაბელიძეს შესახებ ყველამ იცის.
ის ერთ-ერთი გამორჩეული ველისციხელი იყო, რომელმაც გასულ საუკუნეში ჭრა-კერვის და საოჯახო საქმეების უფასო სკოლა, საკუთარ სახლში დააარსა და მსურველებს მის სწავლას სთავაზობდა. ის სოფელში ძალიან უყვარდათ და ზედმეტსახელად ,,მარუს ქალო” შეარქვეს.
,,ერთხელ რომ თვალი შეგევლოთ მარიამ ტურაბელიძესთვის, აღარასდროს დაივიწებდით. ტანკენარი, ქართული ჩიხტა-კოპით დამშვენებული ქალი ირგვლივ სათნოებასა და სიყვარულს აფრქვევდა. ეს შრომისმოყვარე, ენაწყლიანი და ფაქიზი ქალი სოფელ ველისციხის მკვიდრი გახლდათ. 60 წელი ეწეოდა სოფლისათვის საჭირო და სასარგებლო საქმეს. პატარა, ოროთახიან ბინაში აღზარდა 5 შვილი. ,,მარუს ქალო” ასე მიმართავდნენ მისი პატივისმცემელნი თრა-კერვის უბადლო ოსტატს და მასწავლებელს”,- ასე წერია ჟურნალ ,,საქართველოს ქალის” მიერ გამოცემულ სტატიაში მარიამის შესახებ, 1982 წელს.
სოფელ ველისციხეში მარუსა ტურაბელიძეს შესახებ ყველამ იცის. ადგილობრივების თქმით, მან იცხოვრა 94 წელი და 1977 წელს ის მთელმა სოფელმა ერთად გააცილა უკანასკნელ გზაზე.
,,მარიამ (მარუსა) ტურაბელიძე 60 წელი სოფლისთვის საჭირო და სასარგებლო საქმეს ეწეოდა. მის ორსართულიან სახლში მუდმივად ხალხის რიგები იყო. კერავდა საუკეთესოდ და მუდამ მადლიერი მომხმარებელი ჰყავდა. ის იყო ლამაზი, ქართული ჩიხტიკოპით დამშვენებული ქალი მუდამ ფორმაში და მოწესრიგებული. ერთი შვილი- რობერტ ტურაბელიძე დამსახურებული არტისტი და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ამაგდარი, მეორე კი ცნობილი მეყვავილე – ედუარდ ტურაბელიძე”,- განუცხადა knews.ge-ს ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მახარაშვილმა.
ჟურნალ საქართველოს ქალის 1982 წლის გამოცემაში, გარდა მარიამ ტურაბელიძის პიროვნული დახასიათებისა, ვრცლად აღწერილია მაშინდელი ველისციხის ყოფა- ცხოვრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ველისციხეში კულტურული ცხოვრება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
,,აქ კულტურული ცხოვრება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ქალები თეატრში, სპექტაკლის პრემიერაზე დასასწრებად კაბებს იკერავდნენ და ეს დღე დღესასწაული იყო”,- აცხადებდნენ ადგილობრივები.
ველისციხე ერთ-ერთი ყველაზე ძველი სოფელია საქართველოში, რომელიც ისტორიულ წყაროებში მე-5 საუკუნიდან მოიხსენიება. ისტორიული წყაროებით, მე-18 საუკუნეში ველისციხე დარეჯან დედოფლის კუთვნილი სოფელი იყო, სადაც ფუნქციონირებდა სხვადასხვა საწარმო: სამღებროები, სამჭედლოები, სავაჭრო დუქნები, სამიკიტნოები და სხვა.
სოფლის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: წმინდა გიორგის, ყველაწმინდის(VI ს), წმინდა მარიამის, ბარბარეს სახელობის ეკლესიები და ალაზნის პირას მდებარე ,,მამისაანთ” საყდარი(VII ს).
სოფელში მრავლად არის მე-XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები, ღვინის ძველი მარნები, რომლებიც საინტერესო ტურისტულ ობიექტებს წარმოადგენენ.
სოფელ ველისციხე ცნობილია თეატრალური ცხოვრებით. თეატრის ისტორია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. სოფელში, სადაც თეატრის შენობა არ ჰქონდათ, მოყვარული მსახიობები თეატრალურ წარმოდგენებს მემამულეების სახლებში ან ღია ცის ქვეშ ეზოში მართავდნენ.
სოფელში თეატრის აშენება 1922 წელს დაიწყო და 1923 წელს დამთავრდა. ის 1929-1949 წლებში სახელმწიფო დრამატული თეატრის, ხოლო 1950 წლიდან დღემდე სახალხო თეატრის სახელით ფუნქციონირებს.