ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში პარკირების სისტემა გაუმართავია

ბოლო წლების განმავლობაში ავტომობილების რაოდენობა მზარდია. გადაუჭრელ პრობლემად იქცა ავტომობილის გასაჩერებელი ადგილები, რაც პრობლემას უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

თელავში მოსახლეობა ამბობს რომ ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, ქალაქისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი პარკირებაა. მათი თქმით, ქალაქში პარკინგის გამართული სისტემა ფაქტობრივად, არ არსებობს.

,,მანქანის გაჩერება შეუძლებელია. დანიშნულების ადგილზე მისასვლელად იმაზე მეტი დროა საჭიროა, ვიდრე ვგეგმავ. სადაც მივდივარ, მიმდებარედ ვერასდროს ვაჩერებ მანქანას თუ არ დავარღვიე. ადგილი ფაქტობრივად, არსად არის, დავარღვევ და დამაჯარიმებენ. ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს ამ საკითხს?”.

,,პარკირება ქალაქში არის თითზე ჩამოსათვლელი. ან ბანკის წინ ტერიტორიაზეა მოწყობილი ან ისეთი შორსაა, მაგალითად ბაზრის მიდებარე ტერიტორიაზე, რომ იქ რომ მანქანა გავჩერო, ტაქსით უნდა გადავაადგილდე. მოუწესრიგებელია პარკირება. ,,სტაიანშიკები” გაჩერებინებენ მანქანას, მაგრამ შეიძლება მიხვიდე და გასმული ან დარტყმული დაგხვდეს მანქანა”.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს რომ ტროტუარები ფაქტობრივად, ავტომანქანის სადგომად იქცა რაც ნორმადაა მიჩნეული.

,,ტროტუარზე ვერარ დავდივარ. მე ტრანსპორტი არ მყავს და ფეხით გადავაადგილდები. ქვეითად მოსიარულეებისთვისაც უკვე საშიში გახდა მოძრაობა. სიჩქარის გადაჭარბება კიდევ ხომ სხვა პრობლემაა პარკირებასთან ერთად. ხომ შეიძლება ვინმემ დაარეგულიროს სატრანსპორტო მოძრაობა?”.

მძღოლები ამბობენ, რომ მართალია ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე პარკინგი რეგულირდება, თუმცა არასისტემურია და საავარიო სიტუაციები ხშირია.

,,საავარიო სიტუაციები ძალიან გახშირდა. ზოგ ადგილზე კი, შუქნიშნებიც მოუწესრიგებელია. ეხლა რომ ჯარიმებს ზრდიან, მოწესრიგებული არაფერია და ჯარიმების გაზრდა გამოსავალი იქნება? ჯერ მოწესრიგდეს თუნდაც პარკირება და თუ დაარღვევენ, მერე დააჯარიმონ”.

გელა კვაშილავა, თავმჯდომარე ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, ამბობს, რომ პრობლემას ქმნის ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების ინფრასტრუქტურისა და მართვის ერთიანი გეგმის არარსებობა:

„სადაც, კერძო იქნება თუ სახელმწიფო ოპერატორი, შეასრულებენ იმ ამოცანებს, რაც დღეს ქალაქის წინაშე დგას. კერძოდ, ხელს შეუწყობენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნას, ქალაქის ზონირებას. პარკინგი არის ისეთივე პროდუქტი, როგორიც სხვა პროდუქტები. ბუნებრივია, იქ, სადაც მეტი მოთხოვნილებაა პარკინგზე, უნდა იყოს საათობრივი რეგულაციები. მეორე, ბუნებრივია, შემოსავლები უნდა ხმარდებოდეს ქალაქში ტრანსპორტის განვითარებას, მობილობის განვითარებას. ესე იგი, ჩვენ ვკარგავთ როგორც სივრცეებს, ასევე თანხებს, რესურსებს, რომელიც თავისუფლად შეიძლება მოხმარდეს ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას“.

თელავში არსებული პარკინგის საფასური 2 ლარს შეადგენს.