უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მოსახლეობის 22%-მა ერთხელ მაინც იმოგზაურა EU-ში – CRRC-ის კვლევა
CRRC-საქართველოს კვლევის მიხედვით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ზრდასრული მოსახლეობის 22%-მა ისარგებლა, ახალგაზრდებში მაჩვენებელი 33%-ია.
“ევროინტეგრაციის გზაზე, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბოლო რვა წლის განმავლობაში მოსახლეობის 22%-მა ერთხელ მაინც იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ. ახალგაზრდებში (18-34) ეს მაჩვენებელი 33%-ს აღწევს, საშუალო ასაკის მოქალაქეებში – 23%-ს, ხოლო უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 12%-ს. კაცების უფრო დიდი ნაწილი (26%) იყო ევროკავშირში უვიზოდ, ვიდრე ქალების (18%). დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს უფრო მეტად უმოგზაურიათ უვიზოდ, ვიდრე სოფლის ან განათლების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებს”,- აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC-საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.

