ახალი ამბები

ტურისტებისთვის საინტერესო 6 ულამაზესი ადგილი კახეთში

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ულამაზესი რეგიონია და შესანიშნავი ადგილი ღვინის მოყვარულთათვის. თუმცა ღვინო ერთადერთი არაა, რაც კახეთს შეუძლია შემოგთავაზოთ.

სიღნაღი

სიღნაღის ნახვა ნამდვილად ღირს კახეთში სტუმრობისას. პატარა ქალაქი მომხიბვლელი ადგილია, თავისი რომანტიკული ატმოსფეროთი. სიღნაღი ცნობილია, როგორც სიყვარულის ქალაქი, ესაა ტურისტებში პოპულარული ადგილი თავისი სილამაზისა და პეიზაჟის გამო. სიღნაღი სახეტიალოდ კარგი ადგილია. სიღნაღს გარს არტყავს გალავანი, რომელიც მსოფლიოში ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ მეორეა სიდიდით. თავისი ადგილმდებარეობით ქალაქი გადაჰყურებს სივრცეში გაშლილ ალაზნის ველს და კავკასიონს. ხედს, რომელიც გალავნიდან იშლება თვალს ვერ მოწყვეტ.

თელავი

თელავი გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს, რომლებიც მრავალი საინტერესო ისტორიისა და გმირობის მომსწრენი არიან.

განსაკუთრებით ცნობილია იყალთოს მონასტერი, სადაც არსენ იყალთოელს იყალთოს აკადემია დაუარსებია. იგი XI-XII საუკუნეებში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ასევე უმნიშვნელოვანესი ძეგლებია ძველი და ახალი შუამთა, ვანთის სასახლის კომპლექსი, კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა.

ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სასახლეში განთავსებულია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატია წარმოდგენილი: ნუმიზმატიკური მასალაადრეფეოდალური ხანის სარკოფაგიგვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სსის სპილენძის საოჯახო ნივთებისსაბრძოლო იარაღისხევსურული სამოსელის კოლექციებიტექსტილისხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ფოტოფონდი და სხვა.

თელავის ერთ-ერთი განსაკუთრებულად პოპულარული ადგილია წინანდლის ალექსანდრეჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმშვენიერესი ბაღით, რომლის სტუმარიც ბევრი ქართველი თუ უცხოელი ცნობილი მწერალი და პოეტი ყოფილა. 

 ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოფენილია მეტად საინტერესო და უძველესი წარსულის მქონე ისტორიული ძეგლებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნეკრესის მონასტერი (IV-XVII საუკუნეები), სადაც დღემდე შემორჩენილია საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, IV საუკუნის ქრისტიანული სალოცავი. ნეკრესი, როგორც კულტურული და რელიგიური ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადრეულ და შუა საუკუნეების ეპოქაში.

არა მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სიძველის ძეგლია შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის, გრემის ისტორიული ნაქალაქრის ტერიტორია, დღემდე შემორჩენილი საკულტო ნაგებობებითა და მთავარანგელოზთა ეკლესიის დიდებული ტაძრით. მუნიციპალიტეტი მდიდარია ტურისტული ადგილებით.

ქ. ყვარელში დღემდე კარგადაა შემონახული XVI-XVII საუკუნეების ციხე-გალავანი. ყვარელშია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.

 

ახმეტა

ახმეტა მდებარეობს კახეთის მხარეში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოს ქვემო დინებასა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან. მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრების ბევრი ძეგლია, მათ შორის, თავდაცვითი მნიშვნელობისა: ბახტრიონის ციხე; კვეტერა; ალავერდის მონასტერი; მატნის ცხრაკარას მონასტერი; ცხრაკარას სასახლის კომპლექსი;

გურჯაანი

გურჯაანი – რაიონი და ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. თბილისიდან 120 კმ-ით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზეა განთავსებული.

გურჯაანში მდებარეობს კურორტი ახტალა, რომლის სამკურნალო ტალახი რეკომენდირებულია საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. რაიონში 400-ზე მეტი ისტორიული არქიტექტურული ძეგლია. შეგვიძლია ვიხილოთ ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, დიდი სამამულო ომის მემორიალი და სხვა ღირსშესანიშნაობები. მაგრამ ამ რეგიონში უცხოელ ტურისტებს ძირითადად ქართული მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის სურვილი იზიდავს.

ლაგოდეხი

ლაგოდეხი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. ლაგოდეხი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. რაიონის ტერიტორიაზეა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ჩანჩქერებით, ულამაზესი ტბებითა და საოცარი ხედებით. ლაგოდეხში მრავალ მხატვრული და ისტორიული კუთხით საინტერესო ტაძარსა და ციხე-სიმაგრეს ვხვდებით. ეს რაიონი თავისი ბუნებრივი თუ კულტურული რესურსებით უამრავ ტურისტს იზიდავს.