რას მოიცავს კისისხევის გამოქვაბულების კვლევითი სამუშაოები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევთან მდებარე წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის კვლევითი სამუშაოები იტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ნამონასტრალი აერთიანებს ქვითკირის ბაზილიკას, მის ირგვლივ განლაგებულ სამონასტრო ნაგებობებს და გამოქვაბულებს.
,,ამჟამად გამოქვაბულთა კომპლექსის საფიქსაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს აეროფოტო და ტოპოგრაფიულ გადაღებებს, წერილობით, გრაფიკულ და გეოგრაფიულ (ჯპს კოორდინატებით) ფიქსაციას.
გარდა უშუალოდ გამოქვაბულებისა, იგივე მეთოდიკით ფიქსირდება მთლიანად სამონასტრო კომპლექსი, რის შედეგადაც მომზადდება წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური რუკა.
საველე სამუშაოების დასრულდების შემდეგ მოხდება სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული ბიბლიოგრაფიული მონაცემებისა და წერილობითი წყაროების/საარქივო მასალების მოძიება, დამუშავება და ანალიზი. აღნიშნულ კომპლექსურ სამუშაოებზე დაყრდნობით მომზადდება ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც გარდა სამეცნიერო დატვირთვისა, პრაქტიკული ფუნქციაც ექნება ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით”,- აცხადებენ მერიაში.
ნახეთ ამავე თემაზე:
რას მოიცავს კისისხევის ხეობაში დამუშავებული საფეხმავლო ეკოტურისტული მარშრუტები
ლაშქრობა კისისხევის გამოქვაბულებში- თელავში მცხოვრები მუსიკოსის ვიდეო ბლოგი