რას მოიცავს კისისხევის ხეობაში დამუშავებული საფეხმავლო ეკოტურისტული მარშრუტები
თელავის მუნიციპალიტეტში, კისისხევის ხეობაში ტყეში საფეხმავლო ეკოტურისტული მარშრუტები დამუშავდა.
აღნიშნული მარშრუტები ტურისტს საშუალებას აძლევს, გაეცნოს კახეთის ტყეების ბიომრავალფეროვნებას და იქ არსებულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.
მარშრუტების შექმნის იდეა “ნატურისტორიუმს” ეკუთვნის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის” ეკოტურისტული პროგრამაა. ის 2019 წელს შეიქმნა და მისი მიზანი კახეთის რეგიონში ახალი ეკოტურისტული შესაძლებლობების გამოვლენაა.
,,ნატორისტორიუმის” დამფუძნებელი, კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ კახეთის ტყეები დიდ ისტორიას ინახავს. მისივე თქმით, ტყეებში შემონახულია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ის ასევე მდიდარია ბიომრავალფეროვნებით.
მისი თქმით, კისისხევის ხეობაში ამ დროისთვის ორი ტურისტული საფეხმავლო ბილიკი ფუნქციონირებს. ტერიტორია მდინარეების სათლისხევის, კისისხევის და ლომისღელეს ხეობებს მოიცავს. ერთი მარშრუტი მოიცავს, შალაური-კისისხევის საფეხმავლო ბილიკს, რომლის ფარგლებშიც მსურველებს ულამაზესი პანორამული ხედების, ბიომრავალფეროვანი ტყის, იქ არსებული ისტორიული ძეგლების ნახვა შეუძლიათ. წინანდალი-ქვემო ხოდაშენის საფეხმავლო მარშრუტი კი წინანდლიდან იწყება და მუხის ტყით დაფარული ფერდობისკენ მიდის, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. აქედან კარგად ჩანს კონდამიანის ქვაბები, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ორივე მარშრუტში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ასევე ისარგებლონ დასასვენებელი სკამებით, საპირფარეშოთი, საპიკნიკე ადგილებით და მოწყობილი სხვა ინფრასტრუქტურით.
,,ნატორისტორიუმი“ დაარსდა 2019 წელს, ეს არის ეკოტურისტული პროგრამა, რომლის მიზანიც არის კახეთის რეგიონში არსებული ველური ბუნების და ამ ბუნებაში შემონახული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სინთეზი და ამის ერთიანპროპდუქტად შეკვრა. რომელსაც ზურგს უმაგრებს სოფლის და ღვინის ტურიზმი.
კახეთის ტურისტული შესაძლებლობები ამ ეტაპისთვის არის ამოუწურავი. ღვინის და სოფლის ტურიზმი, ეს არის არასრული მიმართულება, რაც კახეთს გააჩნია. საუბარია ეკოტურისტულ შესაძლებლობებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და საუბარია ისეთ ტერიტორიებზე, რომელიც დაცული ტერიტორიების გარეთ არის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჩვენი ტყეების რესურსი, რადგან კახეთის დაახლოებით 30% ბუნებრივი ტყით არის დაფარული.
ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამ ტყეებში არსებული ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვერ ვხედავთ. ის საუკუნეების წინ არის შექმნილი და დღეს სხვადასხვა მიზეზების გამო არის ტყეში. ამ მხრივ კახეთი აუთვისებელია და ხშირ შემთხვევაში აღმოსაჩენიც კი.
როდესაც ნატორისტორიუმი დავაფუძნეთ, შევქმენით ეკოტურისტული პროგრამა და მდინარეების აუზების მიხედვით დავიწყეთ ტურისტული შესაძლებლობებიოს კვლევა. ეს ყველაფერი აქამდე ჩატარდა მოხალისეობრივად. პირველი ხეობა რომლითაც ჩვენ დავინტერესდით, იყო ახმეტაში მაჭარეულის ხეობა. აქ გვქონდა ლაშქრობა, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივები გვესაუბრებოდნენ ისტორიულ ძეგლებზე და აქ აღმოჩნდა, რომ ქართული, კახური მევენახეობის ისტორიაა შემონახული. ხეობაში არის 32 საწნახელი, ქვევრები, მარნის ნაშთები, ეკლესიები, სასახლე და ასევე გაველურებული ვაზი, რომელიც არ არის შესწავლილი რა ჯიშისაა. რადგან კახეთისთვის ღვინის ტურიზმი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შემდეგ DMO – “Visit Kakheti” დაინტერესდა ამით და მოხდა ამ ტურის მარკირება ერთობლივად. სამომავლოდაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით ბევრ სიახლეს.
მეორე ხეობა, რომლითაც ჩვენ დავინტერესდით, ეს არის კისისხევის ხეობა. სოფელი კისისხევი არის უძველესი და ისტორიული ძეგლებით უმდიდრესი. საბოლოო ჯამში კი მდინარე კისისხევის ხეობა, იქ არსებული სოფლები, გარდა კისისხევისა, ასევე სოფლები შალაური, წინანდალი, ქვემო ხოდაშენი და სოფელი კონდოლი. ესენი ქმნიან ერთ უზარმაზარ ეკოტურისტულ შესაძლებლობას და სწორედ ამის კვლევა დავიწყეთ ჩვენ. გვქონდა ბევრი საველე გასვლა. საბოლოო ჯამში კი ეს დაგვირგვინდა ძალიან საინტერესო ორი საფეხმავლო ბილიკის შექმნით’’,- განუცხადა Knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
კახა სუხიტაშვილის თქმით, გარდა ორი ტურისტული მარშრუტისა, ასევე შემუშავებულია ინტერმუნიციპალური ტური, რომელიც თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. მისივე თქმით, ტური მოიცავს სოფელ ართანას, ნეკრესის ნაქალაქარს და ამ ისტორიული ძეგლის და მემკვიდრეობის განსხვავებული ხედვით დანახვას.
მისივე თქმით, სამივე საფეხმავლო მარშრუტი, კახეთის რეგიონს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების და გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს.
,,ინტერმუნიციპალური ტური მოიცავს ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტებს. კერძოდ ნეკრესის ნაქალაქარს, სოფელ ართანას. ჩვენ გვაქვს ნეკრესის ნაქალაქარის ალტერნარიული ხედვა, იმიტომ რომ აქ ტყეში, უამრავი ისტორიული ძეგლია, ასევე აქ მდებარეობს 2 500 წლის წინანდელი მარანი, საქართველოში უდიდესი ბაზილიკური ეკლესია, წარმართული ძეგლები და სხვა. ასევე სოფელი ართანა გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებით, დიდი ისტორიით და სხვა.
ორი მარშრუტი -შალაური-კისისხევის და წინანდალი-ქვემო ხოდაშენის, ფაქტობრივად შეძლებს, გარკვეული წვლილი შეიტანოს აი ამ ოთხი სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებაში. აქ მცირე მეწარმეობის განვითარების საკმაოდ კარგი შანსებია. აღნიშნული სოფლები დატვირთულია ქსელური და ბრენდული ტურისტული ობიექტებით. ჩვენ ამ მიმართულებით ჩავატარეთ კვლევა და აქ ტურისტები ითხოვენ სასტუმროს გარეთ გასვლას და რეკრეაციული სერვისების მიღებას. ეს მარშრუტებიც სწორედ ამას ემსახურება. ორივე ტური არის ერთდღიანი, მარტივად ფეხით გასავლელი, სადაც მსურველი ნახავს ლამაზ პანორამულ ხედებს, ისტორიულ ძეგლებს და ასევე საინტერესო ბიომრავალფეროვნებას. ეს ყველაფერი დამალულია ბუნებაში და ჩვენ გვინდა ის გახდეს ტურისუტული ღირებულების მქონე’’,- განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.
ტყეში გამავალი ტურისტული მარშრუტების ქსელი CENN-ის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაპროექტდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკირების სამუშაოები განახორციელა და სპეციალური აბრები დაამონტაჟა, CENN-მა კი ბილიკის საპიკნიკე სივრცეები მოაწყო, სადაც ფანჩატური, მაგიდა და სკამები განთავსდა.
CENN-ის წარმომადგენელი, ტყის პროექტის კომპონენტ-ლიდერი ვახო ქოჩორაძე აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში 4 რეგიონში შერჩეული იყო 10 სხვადასხვა ტერიტორია, რომელიც ეკოტურისტულად იყო მიმზდიდველი. საბოლოოდ კი თითო რეგიონში შეირჩა ერთი ტერიტორია, რომელზეც ექსპერტების, სპეციალისტების და დაინტერესებული პირების ჩართულობით, დამუშავდა ეკოტურისტული მარშრუტი.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს ეკოტურიზმის მიმართულებით, რადგან ეს არის დამატებითი შემოსავლის წყარო, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც. თავიდან ჩვენ გვქონდა 10 სხვადასხვა ტერიტორია, საქართველოს ოთხ რეგიონში შერჩეული, ისინი, რომლებსაც მივიჩნევდით, რომ იქნებოდა ეკოტურისტულად მიმზიდველი. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის მიგნება, ამაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა დარგობრივი ექსპერტები და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ პროცესში ჩვენ სხვადასხვა შეხვედრების, დარგობრივი ექსპერტების და წინასწარი შეფასებების შედეგად, გამოვალინეთ 4 ტერიტორია და აქედან ერთ-ერთი არის კისისხევის ხეობა, როგორც პოტენცუირად მიმზიდველი ეკოტურისტული ადგილი.
შემდგომ მოხდა არსებული ტერიტორიის შეფასება და დაპროექტება. ბილიკი არის მართალია სატყეო სააგენტოს ტერიტორიაზე, მაგრამ, ეს სხვადასხვა ლოკალურ მეწარმეებს, მეღვინეებს, სასტუმროებს, ბიზნესებს უჩენს შესაძლებლობას. მათ შეუძლიათ შესთავაზონ ტურისტს დამატებით ტური ლამაზ ბილიკზე, ლანდშაფტის და ძველი ეკლესიების ნახვა და ამით უფრო მიმზიდველი გახადონ თავისი საქმიანობა. ასევე მიმზიდველია ეს სატყეო სააგენტოსთვისაც. ჩვენ მათთან თანამშრომლობით შევქმენით დამატებითი საინვესტიციო პაკეტები და მათ შეუძლიათ ეს იჯარაზეც გაიტანონ, რადგან ინვესტორისთვის მიმზიდველია. ჩვენ ამით ვქმნით შემოსავლის დამატებით წყაროს.’’