გზა ევროპისკენ

როგორ „დავვარცხნოთ“ კახეთი? სამი კახური ამბავი ევროპაზე

 ამასწინათ საქართველოში სტუმრად მყოფმა იტალიელმა ნაცნობმა გულწრფელად მითხრა: ბაკურციხიდან ყვარლისკენ წავედი და დაუვარცხნელი ტოსკანა აღმოვაჩინეო.

ეს სიტყვები გულზე მომხვდა. მეც მაქვს ოცნება, რომელიც სულ თან დამყვება. როცა ჩემი კახეთის მომავალზე ვფიქრობ, თვალწინ მიდგას ალაზნის ველის თვალუწვდენელი ვენახები, კავკასიონის ზურმუხტისფერი მწვერვალები, ჯადოსნური ღვინოები, მოწესრიგებული ძველი სოფლების გზები და პატარა კოხტა ქალაქები, უხვი კახური სუფრა და „მრავალჟამიერის“ შემქმნელი ხალხის ბედნიერი სახეები.

ვფიქრობ იმაზეც, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, კარგი შემოსავლის წყაროდ, ახალგაზრდებისთვის სასურველ სამუშაოდ და მიტოვებული სოფლებისთვის სიცოცხლის გაგრძელებად იქცეს.

მინდა, კახეთში უკეთესი ცხოვრება გვქონდეს და ისიც შევინარჩუნოთ, რის გამოც ეს მხარე გვიყვარს: ჩვენი ღვინო, პური, სახლები და სტუმრის მიღების წესი ამ მომავლის ნაწილი იყოს. ევროპასთან თანამშრომლობასაც ამ თვალით ვუყურებ: რა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საკუთარი სიმდიდრე უკეთ გამოვიყენოთ?

ვითომ რატომ ვერ შევძლებთ, ჩვენს კარმიდამოს მივხედოთ და კახეთიც „დავვარცხნოთ“? ამ კითხვაზე პასუხს რომ ვეძებ, იმ ადამიანების საქმეებს ვუყურებ, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით აქ, ჩვენ გვერდით, რაღაც შეცვალეს.

მინდა გაჩვენოთ, რა დგას სიტყვების — „ევროკავშირის დახმარება“ — უკან: რა გაკეთდა, ვის გამოადგა და როგორ ეტყობა ეს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.

 

38 წლის ანასთვის ეს ისტორია წინაპრების სახლში დაიწყო — ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში.

ანა წინაპრების სახლში საოჯახო სასტუმროს შექმნის იდეის განხორციელებას ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა, როდესაც სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობდა. მან სახლი აღადგინა და საოჯახო სასტუმრო „ტერასა ზინობიანი“ გახსნა, მოგვიანებით კი, ევროკავშირის მხარდაჭერილი მცირე გრანტის დახმარებით, მისი კიდევ უფრო კეთილმოწყობა შეძლო. ღვინის წარმოება ანამ მოგვიანებით, დამოუკიდებლად, მეუღლის დახმარებით დაიწყო.

ფოტოზე: ანა პაჭიკაშვილი და ვახტანგ ჭიბალაშვილი: ანა მარგველაშვილის ფოტო

დღეს „ტერასა ზინობიანი“ სტუმრებს არა მხოლოდ ღამისთევას, არამედ ღვინისა და ადგილობრივი უდიური სამზარეულოს გაცნობას, სოფლის ისტორიასა და კულტურაზე საუბარს და წინაპრების მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ გამოცდილებას სთავაზობს.

მას შემდეგ, რაც ანამ საკუთარი მცირე ბიზნესი შექმნა, ზინობიანში ევროკავშირის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფელში მოეწყო გზების ნაწილი და სკვერი, ხოლო 2023 წელს გაიხსნა უდიების ეთნოკულტურული მუზეუმი და ბიბლიოთეკა. ამ პროექტებმა სოფლისთვის ახალი საზოგადოებრივი და ტურისტული შესაძლებლობები შექმნა.

„ჩვენი სოფელი ახალი შესაძლებლობებით აივსო. ჩემს პატარა სოფელს ჩვენი ტურისტული ობიექტის წყალობით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს, თუმცა ჩემი მცირე ბიზნესი რომ განვითარდეს, ევროპიდან მეტ სტუმარს ვისურვებდი. მეტ სტუმარს მეტი საინტერესო ადგილი უნდა შევთავაზოთ“, — ამბობს ანა.

ანას გამოცდილება აჩვენებს, რომ მცირე ბიზნესის შექმნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგ მოდის მისი განვითარება, სტუმრების მოზიდვა და იმ გარემოს შექმნა, სადაც ვიზიტორს სოფელში უფრო დიდხანს დარჩენისა და ადგილობრივი კულტურის გაცნობის სურვილი გაუჩნდება. მისთვის საკუთარი ბიზნესის განვითარება უკვე მხოლოდ პირადი წარმატების საკითხი აღარ არის — ის ზინობიანის განვითარებასაც უკავშირდება.

ზინობიანიდან ლაგოდეხში გადავინაცვლოთ. აქ ევროკავშირის მხარდაჭერა ფერმერისთვის ახალი საქმის დაწყების შესაძლებლობად იქცა.

შოთა ერიაშვილმა ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის — LAG-ის — მეშვეობით მიღებული ევროკავშირის გრანტით ბატატის სასათბურე მეურნეობა ექვსი წლის წინ დაიწყო.

88 წლის ბიოლოგის მეურნეობაში ბატატის ნერგებს სათბურში ზრდიან და ღია გრუნტში გადასატანად ამზადებენ. ყოველწლიურად 30 ტონამდე მოსავალს იღებენ. პროდუქცია დღეს „აგროჰაბის“ ქსელში იყიდება.

„88 წლის ვარ და ჩემს საქმეს ახლა ჩემი შვილი აგრძელებს. მადლობელი ვარ მხარდაჭერის. მჯერა, რომ სწორი მხარდაჭერით უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ“, — ამბობს შოთა.

ექვსი წლის წინ დაწყებული მეურნეობა დღესაც მუშაობს და საქმეს უკვე შოთას შვილი აგრძელებს. მხარდაჭერის შედეგი აქ მიღებულ მოსავალთან ერთად ისიც არის, რომ დაწყებულ საქმეს ოჯახში გამგრძელებელი გამოუჩნდა.

შოთა ერიაშვილი: გიორგი ალადაშვილის ფოტო

კახეთის უკეთესი მომავალი საერთო ადგილების მოვლითაც იქმნება — იმ ბუნებრივი და ისტორიული სიმდიდრის დაცვით, რომელიც ჩვენს მხარეს გამორჩეულს ხდის.

ლაგოდეხის დენდროლოგიური პარკი ასეთი ადგილია. აქ ასწლოვან ხეებსა და მცენარეებს წლების განმავლობაში დანაგვიანება და დაზიანება ემუქრებოდა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პარკის ტერიტორია შემოიღობა, შესასვლელი ჭიშკარი დამონტაჟდა, სანაგვე ურნა და მცენარეების შესახებ საინფორმაციო დაფა განთავსდა. პარკის ზედამხედველობისთვის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ რეინჯერი დანიშნა. დასუფთავების აქციებში ადგილობრივი ახალგაზრდებიც ჩაერთნენ.

ამ შემთხვევაში დახმარება უკვე არსებული სიმდიდრის მოვლას მოხმარდა. ახალგაზრდების მონაწილეობა კი საერთო მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობის გაზიარების მაგალითია: მის დაცვას მოწყობილ ინფრასტრუქტურასთან ერთად ადამიანების ზრუნვაც სჭირდება.

ამ სამ ამბავს ერთი რამ აერთიანებს: ადამიანებს უკვე ჰქონდათ რაღაც ღირებული — წინაპრების სახლი, პროფესიული ცოდნა თუ საერთო მემკვიდრეობის მოვლის სურვილი. ევროკავშირის მხარდაჭერამ ამ შესაძლებლობების გამოყენებას გზა გაუხსნა. მის მნიშვნელობას წლების შემდეგ გაგრძელებული საქმეც გვაჩვენებს: ანა ისევ იღებს სტუმრებს, შოთას მეურნეობა ისევ იძლევა მოსავალს, პარკის დასაცავად კი ადგილობრივი ძალისხმევა გაერთიანდა.

ამბის ბოლოს ჩემი იტალიელი ნაცნობის „დაუვარცხნელ ტოსკანას“ ისევ ვუბრუნდები. კახეთის მომავალს ახლა ანას აღდგენილ სახლშიც ვხედავ, შოთას მეურნეობაშიც და ლაგოდეხის პარკის მოვლაშიც. ამ საქმეებში ევროკავშირის მხარდაჭერას ადგილობრივი ადამიანების ცოდნა, შრომა და ინიციატივა შეეგება.

ეს სამი ამბავი ყველა პრობლემაზე პასუხი ვერ იქნება. თუმცა გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ის, რაც გვაქვს და გვიყვარს, უკეთესი ცხოვრების საფუძვლად იქცეს. ტოსკანა ჩემთვის ამ შესაძლებლობის შეხსენებაა. ჩემი ოცნება კი კახეთია — მოვლილი სოფლებით, აყვავებული კარმიდამოებით და ადამიანებით, რომლებსაც აქ საკუთარი შრომით ღირსეულად ცხოვრება შეუძლიათ.