ახალი ამბები

თელავში ბავშვზე ძალადობის ფაქტზე, სასამართლომ მასწავლებელი უდანაშულოდ ცნო

თელავის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა გარჯიკაული რომელსაც ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ, რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

შემთხვევა გასულ წელს მოხდა. მაშინ პედაგოგს, მე-6 კლასის მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. ნანა გარჯიკაულის თქმით, მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, სწორედ ამ სიმართლის დასამტკიცებლად მიმართა სასამართლოს.

“ეს ყველაფერი რეალობასთან ახლოსაც არ იყო, ამიტომ გავასაჩივრე სასამართლოში დადგენილი წესით. სამწუხაროდ პანდემიის გამო მოგვიანებით ჩატარდა სასამართლო. თითქმის წელიწადზე მეტი მომიწია ლოდინი და დღეს დამიკმაყოფილდა მოთხოვნა. სასამართლომ დირექტორის ბრძანება სკოლიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო. ასევე სკოლას დაევალა ჩემი სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამ ურთულეს პერიოდში მამხნევებდნენ საკუთარი მოსწავლეები და ის ადამიანები ვისაც სჯეროდათ, რომ მე მსგავსი რამის ჩამდენი არ ვიყავი”,- განუცხადა Knews.ge-ს ნანა გარჯიკაულმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გასული წლის 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. თელავის #1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ, მაშინ ფაქტს ადასტურებდა სკოლის დირექტორიც. მისი განცხდებით, შემთხვევა, საგაკვეთილო პროცესზე მოხდა, სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.

დირექტორმა ფაქტის შესწავლის მიზნით სკოლის დისციპლინურ კომიტეტსაც მიმართა და პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებასაც მოაწერა ხელი. მოსწავლის დედის ინფორმაციით, კი მისი შვილი მასწავლებლის მოთხოვნას,საკლასო ოთახის დატოვებასთან დაკავშირებით არ დაემორჩილა, რის გამოც მას პედაგოგმა ხელი ჰკრა.