ახალი ამბები

გურჯაანში ფერმერები ატმის და ვაშლატამას რეალიზაციის პრობლემაზე ჩივიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ატმის რეალიზების პრობლემაზე ჩივიან. მათი განმარტებით, ჩასაბარებელ  პუნქტებში ხილის ჩაბარება უძნელდებათ, რადგან მათი მუშაობა ნაწილობრივ  შეჩერებულია.

ფერმერების თქმით, შესაძლოა ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვებია, რის გამოც სამაცივრე მეურნეობების ნაწილი ატამს აღარ იბარებს, ნაწილი კი შეზღუდული რაოდენობით იღებს.

 “ყიტაანის პუნქტებში ატამს აღარ იბარებენ, რუსეთმა საზღვარზე კონტროლი გაამკაცრაო.  მოსავლის ფასმაც დაიწია. გასულ დღეებში საბითუმო ფასი 2-დან 2.50 თეთრამდე მერყეობდა. ახლა კი 70 თეთრი და უფრო ნაკლებიც ღირს. დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე ვართ, რადგან ეს ბაღები ბანკის ვალებით მოგვყავს”- აცხადებენ  გურჯაანში მცხოვრები ფერმერები.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდება, მოყვანილი ხილის გადაყრა მოუწევთ. სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ომარ რუაძე აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე ფერმერები ყოველ წელს დგანან.

,, ეს პრობლემა ყოველ წელს დგა. მოგვყვავს მოსავალი და ვერ ვყიდით. რასაც იბარებენ ის უმაღლესი ხარისხის პროდუქციაა და იმასაც მცირე რაოდენობით იღებენ. ყოველ წელს როგორ შეიძლება ერთიდაიგივე პრობლემის წინაშე ვიყოთ? ამაზეა ჩვენი შემოსავალი და ოჯახები დამოკიდებული”,- განაცხადა ომარ რუაძემ.

ოპოზიცია შექმნილ პრობლემას სარეალიზაციო ბაზრების რუსეთზე სრულად დამოკიდებულებით ხსნის.

” ეს იმის ბრალია, რომ ყველაფერი ჩამოკიდეს რუსეთზე და გლეხს ალტერნატიული ბაზარი აღარ აქვს. პრობლემის მოგვარებას თავის დროზე კი არ იწყებენ, ელოდებიან თავისით როგორ გადაწყდება”- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თემურ ბუწაშვილი.

როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, გურჯაანში გახსნილია 36 სამაცივრე მეურნეობა, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს და ფერმერების მოყვანილ პროდუქციას შეუფერხებლად იღებს.

ბოლო რამდენიმე დღეა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალაში შედის რუსეთის ფედერაციის კანონი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა გაიცვალოს ინფორმაცია ამ სფეროს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოებთან, რომლებიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო დამუშავების სფეროში სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამასთან, მოხდება რუსეთის ფედერაციაში იმპორტისთვის განკუთვნილი მცენარეული პროდუქციის შემოწმება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არ არიან. შემოწმება მოხდება წარმოების ადგილებში, თუ რამდენად დაცულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების სავალდებულო მოთხოვნები.

ინფორმაციას ძირითადად ტრეიდერები ავრცელებენ, რომლებიც საექსპორტო ტვირთებს რუსეთში გასატანად ამზადებენ. ისინი ჩივიან, რომ ბაზარზე გაურკვევლობის გამო, ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის ექსპორტი შეჩერებულია.

„შედეგად, მთავარ საექსპორტო პროდუქტებზე, მოცვსა და ატამზე ფასები შემცირდა, არადა ახლა სეზონის პიკია, რადგან ცივი გაზაფხულის გამო ამ ხილის სეზონი გვიან დაიწყო,“ – წერს პორტალი EastFruit.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოდან ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება, თუმცა რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა.

,,ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორიუფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს“, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2021 წლის 1 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 1,636 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,433 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორცილებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, რომლის ღირებულებაც 73 ათასი აშშ დოლარი იყო.

აღნიშნულ პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასი გაზრდილია 7%-ით და 0.88 $/კგ შეადგენს.

მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, რუსეთსა (938 ტონა) და სომხეთში (649 ტონა) განხორციელდა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

One thought on “გურჯაანში ფერმერები ატმის და ვაშლატამას რეალიზაციის პრობლემაზე ჩივიან

Comments are closed.