ლევან დავითაშვილი- ქართული ატმის ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ატმის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესი კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ფერმერები და გადამმუშავებლები აცხადებენ, რომ წელს უხვი და ხარისხიანი მოსავალია. ამასთან ერთად საკმაოდ დიდია მოთხოვნა, რაც პროდუქციის ფასსა და ექსპორტის ზრდაზეც აისახება.
„ქართული პროდუქციის ექსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში შეუფერხებლად ხორციელდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. არსებული მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ არის გაზრდილი. მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა წელსაც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხდება და აღნიშნულ პროცედურას, მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ახორციელებს. ამავდროულად, რეგიონში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამაცივრე, მიმღები და გადამმუშავებელი საწარმოები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მოსავლის ჩაბარების პროცესი“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ატმის რეალიზების პრობლემაზე ჩივიან. მათი განმარტებით, ჩასაბარებელ პუნქტებში ხილის ჩაბარება უძნელდებათ, რადგან მათი მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია.
ფერმერების თქმით, შესაძლოა ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვებია, რის გამოც სამაცივრე მეურნეობების ნაწილი ატამს აღარ იბარებს, ნაწილი კი შეზღუდული რაოდენობით იღებს.