საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი გაურკვეველი ვადით გადაიდო
საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან შესაბამის ვებ- გვერდზე, დირექტორობის 85 მსურველი დარეგისტრირდა. კონკურსი კი გადაიდო და ვებ გვერდიც გაუქმებულია.
დირექტორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე პირებისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიზეზი არ განუმარტავთ.
“სპეციალური საიტი იყო, სადაც დავრეგისტრირდით და კონკურსს ველოდით. თუმცა არც დაინიშნა, გვერდიც აღარ იძებნება და არც არავის განუმარტავს, რა ხდება”,- განაცხადა ერთ- ერთმა კონკურსანტმა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დალი მინდიაშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან, დირექტორების კონკურსში მონაწილეობის ყველა დარეგისტრირდა.
“არ მაქვს არანაირი ინფორმაცია და არც ჩემი კომპეტენციაა ამ საკითხზე კითხვების დასმა. ჩვენი მუნიციპალიტეტის 25 სკოლის დირექტორიდან, კონკურსში მონაწილეობის სურვილი ყველას ჰქონდა. თუმცა ჯერჯერობით, ახალი არაფერი ისმის. ამ ეტაპზე, ყველა მოვალეობის შემსრულებელია”- განაცხადა მინდიაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ცხელ ხაზზე კი განმარტავენ, რომ ახალი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ჯერჯერობით არ არის.
დირექტირის თანამდებობის დასაკავებლად რეგისტრაცია 3-17 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობას, თანამდებობაზე ყოფნის 6 წლიანი ვადა ამოეწურა და კანონის თანახმად, ხელახალი სერთიფიცირებაა საჭირო.