ახალი ამბები

თელავის საკრებულოში 9 მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხი განიხილეს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9 მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის საკითხი განიხილა.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, კომისია მხარს არ უჭერს, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი საპრივატიზაციო ნუსხის დანართი ამ სახით გავიდეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე.

„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, რომ ქალაქ თელავში, რუსთაველი ქუჩა N116-ში მდებარე 122 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდოს და კომისიის მოსაზრებას ბიუროს სხდომაზე გავაჟღერებ.

სოფელ აკურაში მდებარე სამი სახნავი მიწის ნაკვეთისა და ასევე ქალაქ თელავში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთის გაყიდვის საკითხი კი ბიუროს სხდომაზე დეტალურად უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ შევიტანოთ თუ არა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში.

რაც შეეხება დანარჩენ ნაკვეთებს, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სოფელ გულგულაში არსებული ორივე სახნავი მიწის ნაკვეთის და ქალაქ თელავში, თბილისის გზატკეცილზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასაყიდად გატანა“, – განაცხადა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უჩა ჭოტიაშვილმა.