სტიქიური საშიშროება – რა არის გამოსავალი?
საქართველოს ქალაქებისა და სოფლების თითქმის 60% სტიქიური საშიშროების რისკის ზონაშია მოქცეული. მეწყრული საფრთხის უშუალო არეალში მოქცეულია 2 ათასამდე დასახლებული პუნქტი, 200 ათასზე მეტი მოსახლით. მეწყრული პროცესების მაღალი რისკის ზონა დიდი წყალსაცავების ნაპირების 25%, ხოლო საავტომობილო გზების 30%-მდე ტერიტორიას მოიცავს.
მეწყრის საშიშროების ქვეშ არის საავტომობილო გზები, მატარებლის ხიდები, მონასტრები, მეჩეთები, სასაფლაოები და საზაფხულო საძოვრები, ნაგავსაყრელები, სათიბები და სასოფლო სავარგულები, ჰიდროელექტროსადგურები და ჰესები, სკოლები და ბაღები. საქართველოში აღრიცხული და რუკაზეა დატანილი 52 ათასზე მეტი მეწყერული სხეული – ფერდობების ნაწილები, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰექტარს აღემატება.
მეწყერსაშიშ ზონებშია მოქცეული ტურისტულ ადგილებამდე მიმავალი გზები და ის ტერიტორიები, სადაც სახელმწიფო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს – მაგალითად – რიკოთის ავტობანი და ხადას ხეობაში გვირაბებით გამავალი გზა.
მხოლოდ 2024 წელს საქართველოში სტიქიური შემთხვევების რაოდენობამ ჯამში 68 შეადგინა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გარემოს სტატისტიკის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს. აქედან, საანგარიშო პერიოდში წყალდიდობა- წყალმოვარდნა, დატბორვის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ქარიშხლის – 16, სეტყვის -11, დიდთოვლობის – 9, შტორმის – 2, ხოლო ზვავის 4 შემთხვევა.
შედეგად, გასულ წელს სტიქიური შემთხვევებით, ჯამში 4 ადამიანი დაიღუპა. 2 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი წყალდიდობა-წყალმოვარდნა, დატბორვა გახდა, 2 კი ზვავმა იმსხვერპლა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ათწლეულების მიხედვით, 2010 წლიდან გეოლოგიური კატასტროფების რაოდენობა თითქმის 80%-ით არის გაზრდილი. მაგალითად, 2000-2009 წლებში ქვეყანაში 3957 შემთხვევა მოხდა, უკვე 2010-2019 წელს 7092 შემთხვევა, ხოლო 2020-2024 წლებში – 6905 შემთხვევა.
რაც შეეხება ზეგავლენას ინფრასტრუქტურასა და დასახლებულ პუნქტებზე, გარემოს სტატისტიკის პორტალის მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით, საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია 4 266 შენობა-ნაგებობა (2004 წლის შემდეგ ასეთი დიდი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა, 2004 წელს 6042 შენობა-ნაგებობა იყო) და 1567 დასახლებული პუნქტი. ხოლო გარდაცვლილია 10 ადამიანი.
წლების მიხედვით, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2023 წელს საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული იყო 3972 შენობა-ნაგებობა, 2022 წელს – 1514, 2021 წელს – 1268, 2020 წელს – 1040 და ა.შ.
რაც შეეხება დასახლებულ პუნქტებს, 2023 წელს რისკის ზონაში იყო 1545 დასახლება, 2022 წელს – 1523, 2021 წელს – 1477, 2020 წელს – 1145 და ა.შ
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ათობით ადგილას აქვს მონიტორინგის სისტემების დაყენების რეკომენდაცია გაცემული. მონიტორინგის გარდა, გეოლოგები სხვა რჩევებსაც იძლევიან რისკების შესამცირებლად და მათი ნაწილი არც ისე რთულადაა შესასრულებელი. ზოგან საკმარისია გზის გაწმენდა, მეწყრული ადგილებისთვის ნაშალის მოშორება, მდინარის კალაპოტის დაღრმავება, ნაპირსამაგრი კონსტრუქციების მოწყობა, ფერდობების დატერასება და მათზე ღრმა ფესვიანი ხეების დარგვა, ზედაპირული და გრუნტის წყლების მდინარების მართვა.

