ახალი ამბები

2027-2028 სასწავლო წლის ბოლოს უმაღლესში ჩაბარება აბიტურიენტების გაორმაგებულ რაოდენობას მოუწევს

2027-2028 სასწავლო წლის ბოლოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება აბიტურიენტების დაახლოებით გაორმაგებულ რაოდენობას მოუწევს. “ოცნების” მთავრობის განათლების რეფორმის თანახმად, ამჟამინდელი მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები იქნებიან ისინი, რომლებსაც ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა მოუწევთ.

ამჟამად, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მე-9 და მე-10 კლასებში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 115 038-ია. მათგან რამდენი დაასრულებს სკოლას და შემდეგ მოისურვებს, უმაღლესში ჩაბარებას, ჯერ უცნობია, თუმცა წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებითი რაოდენობა ამ რიცხვთან ახლოს იქნება.

გასულ წელს, საქსტატის მონაცემებით, მე-12 კლასში 41 199 მოსწავლე იყო, ეროვნულ გამოცდებზე კი დაახლოებით 39 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, 2027-2028 სასწავლო წლებში 12-წლიანი სასწავლო პროცესიდან 11-წლიანზე გადასვლის პერიოდში, აბიტურიენტების გაზრდილი რაოდენობის გამო უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კვოტები არ გაიზრდება. შესაბამისად, კონკურენციაც გაორმაგებული იქნება.

“ოცნების” განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო კონკრეტული მიმართულებებით ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს, 2027-2028 წლებში კი აბიტურიენტებს შორის კონკურენცია გაიზრდება და ვინც უნივერსიტეტებში სასურველ ფაკულტეტებზე ვერ ჩააბარებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ სწავლა პროფსასწავლებლებში გააგრძელონ.

ცნობისთვის, ამჟამინდელი მე-9 კლასის მოსწავლეები იქნებიან პირველები, რომლებსაც მე-12 კლასი აღარ მოუწევთ.