ახალი ამბები

სოცდაუცველებს სასკოლო ფორმებს სახელმწიფო შეუძენს, დანარჩენებს კი, სავარაუდოდ, კომპლექტის ყიდვა მოუწევთ

სოცდაუცველი ოჯახების ბავშვები, რომლებიც I-VI კლასებში სწავლობენ, სასკოლო ფორმებს, სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებენ.

დანარჩენი მოსწავლეებისთვის კი ფორმების შეკერვაზე ტენდერს ან სკოლა გამოაცხადებს, ან მშობლები თავად შეაკერინებენ ფორმებს თავისი შვილებისთვის. 2026-2027 სასწავლო წლებში სასკოლო ფორმების ვალდებულებასა და მათ შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე განათლების მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.

გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილებაც ჯერ კონცეფციის საფეხურზეა და ყველა შეთავაზება განიხილება, იქნება ეს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ფორმების შეკერვაზე შეღავათები თუ სხვა საკითხები. მისივე ინფორმაციით, კონკრეტული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის ფორმების შესაკერად სოციალური პროექტის ფორმით პროცესში მსჯავრდებული ქალების ჩართვა იგეგმება.

„დაახლოებით გაანგარიშებული გვაქვს სასკოლო ფორმის ერთი კომპლექტი რა დაჯდება. პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით და მისი დიდი მხარდაჭერით, ის ოჯახები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური სამსახურის მიერ დაუდგინდათ 60 000 ან უფრო ნაკლები ქულა,ფორმის კომპლექტს სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღებენ. ამასთან, ვფიქრობთ და ვმსჯელობთ, რომ ამ კატეგორიის მოსწავლეებისთვის ფორმის შესაკერად არ მოხდეს ამ მოთხოვნის გატენდერება, არამედ მისი შეკერვა სახელმწიფო პროფესიულმა კოლეჯებმა უზრუნველყონ, სადაც სამკერვალოები მაღალ დონეზეა განვითარებული. ჩვენ სოციალური პროექტის სახით გვაქვს – ერთ პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“, რომელიც რუსთავშია, თავისი ფილიალი რუსთავის #5-ე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში აქვს გახსნილი, სადაც ქალი მსჯავრდებულები ჩართულნი არიან ამ სოციალურ პროექტში. გვაქვს იდეა ქალი მსჯავრდებულები აქტიურად ჩავრთოთ ამ სოციალურ პროექტში. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უნდა გამოსცეს, რომლითაც ტენდერის გარეშე, იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა ოჯახები 60000 ქულით არიან შეფასებულები, მათთვის ფორმები შეიკეროს პროფსასწავლებლების მიერ კონკრეტული სკოლების მიერ შერჩეული დიზაინით.

რაც შეეხება დანარჩენს, უნდა მოხდეს ამ შესყიდვის გატენდერება. თქვენ იცით, რომ სკოლებს სსიპ-ის სტატუსი აქვს, თუმცა ასევე შეიძლება მშობელმა ინდივიდუალურად იზრუნოს და ვიღაცას შეაკერინოს, ან იყოს კომპანიები, სადაც მშობლები მივლენ და დაუკვეთავენ“, – განმარტა გივი მიქანაძემ.

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების დიზაინის შერჩევაში საზოგადოების ჩართვას აპირებს, რის შემდეგაც რამდენიმე შერჩეული დიზაინიდან სკოლები ერთ კონკრეტულს თავად შეარჩევენ.

„შემდეგი სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე, ანუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების მიერ სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება. ვგეგმავთ, უახლოეს დღეებში ის კრიტერიუმები გავწეროთ, რომელიც ფორმასთან იქნება დაკავშირებული, ვფიქრობთ, ეროვნული სიმბოლიკის გარკვეული ელემენტები – მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული, ან ქალაქთან დაკავშირებული სიმბოლიკები იყოს, თუმცა ეს მსჯელობის და განხილვის საგანია და კონკრეტული იდეებია, რომელიც თავში გვიტრიალებს. როდესაც კონკრეტულ კრიტერიუმებს ჩამოვაყალიბებთ, გამოვაცხადებთ კონკურსს, სადაც შევთავაზებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ წარმოადგინოს თავისი ნამუშევრები და ვაპირებთ, წარმოდგენილი ნამუშევრები საყოველთაო განხილვასა და კენჭისყრაზე საზოგადოებაში გავიტანოთ. საზოგადოებამ უნდა შეარჩიოს რამდენიმე – 3 ან 5 ვარიანტი, შემდგომში თითოეულ სკოლას მიეცემა საშუალება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება რომელი დიზაინის ფორმა მიიღოს და შეაკერინოს. აქ საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვიხარია, როგორ იქნებიან გამოწყობილი ჩვენი შვილები.

პედაგოგების მხრიდან ამის მიმართ მზაობა ძალიან მაღალია. ჯერ კიდევ პარლამენტში მუშაობის პერიოდში არაერთ შეხვედრაზე გაჟღერებულა ფორმის დაბრუნების საკითხი და ეს საკითხი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნაა. ამიტომ როცა საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული ფორმის შერჩევაში და სკოლა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი ფორმა შეარჩიოს, ვფიქრობთ, ეს იქნება აბსოლუტურად მისაღები. 2026-2027 წლიდან სასკოლო ფორმა იქნება სავალდებულო“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ეს სატესტო რეჟიმი იქნება, შემდეგ კი იმსჯელებენ იმაზე, ზედა კლასებში შეიტანონ თუ არა სასკოლო ფორმა.

„ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს, რომლითაც პროცესს წინ წავწევთ. გაზაფხულის დასაწყისში საზოგადოების ჩართულობით რამდენიმე ფორმის ნიმუში შერჩეული უნდა გვქონდეს, რომელზეც სკოლებმა შემდეგი სასწავლო წლისთვის მზადება უნდა დაიწყონ და ეს არ უნდა მოხდეს აგვისტოში ან სექტემბრის დასაწყისში, რადგან მერე ამის მოსწრება გართულდება“,
– აღნიშნა მიქანაძემ.