ახალი ამბები

ხინკალი და ხაჭაპური ისევ გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე – ხინკალზე ფასმა 4.12%-ით, ხოლო ხაჭაპურზე – 10.77%-ით მოიმატა.

ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 7.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი – 8.75%-ით, ღორის ხორცი – 5.9%-ით, ფქვილი – 9.68%-ით, მარილი – 8.28%-ით, იმერული ყველი – 10.77%-ით, ზეთი – 17.3%-ით და კარაქი – 10.56%-ით გაძვირდა. რაც შეეხება მწვანილს და ხახვს, საქსტატის მონაცემებით ნოემბერში მწვანილი 40.25%-ით გაიაფდა, ხახვი კი 5.2%-ით.

საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 6.5%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 8.04%-ით, ყავა კაფეში – 6.85%-ით, ლუდი ბარში კი 10.11%-ით გაძვირდა.