„უსისტემოდ გაშენებული ვენახი ნამდვილად პრობლემაა“ – ფერმერი
„უსისტემოდ გაშენებული ვენახი ნამდვილად პრობლემაა – რეგულაცია, რომელიც ხარისხს უკავშირდება, მისაღებია“ – ფერმერი„უსისტემოდ გაშენებული ვენახი ნამდვილად პრობლემაა – რეგულაცია, რომელიც ხარისხს უკავშირდება, მისაღებია“ – ფერმერი.
„ალექსანდროული და მუჯურეთული შეუძლებელია მოიყვანო ლაგოდეხში, ამიტომ რეგულაცია, რომელიც ხარისხს უკავშირდება, მისაღებია“ – ასე ეხმაურება ფერმერი შორენა პატარიძე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილ ახალ რეგულაციას.
შორენა პატარიძის თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხი, რომელიც რეგულაციების შედეგად მიიღწევა.
„თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო პოპულარული გახდეს, პირველ რიგში ხარისხს უნდა მივხედოთ და ყველა ღონისძიება, რაც ხარისხთან არის დაკავშირებული, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. რაც შეეხება ფასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ისიც უნდა დადგინდეს ხარისხიდან გამომდინარე“, – განაცხადა პატარიძემ.
მისი თქმით, პრობლემაა უსისტემოდ გაშენებული ვენახებიც, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, სადაც ყურძენი მოდის.
„უსისტემოდ გაშენებული ვენახი ნამდვილად პრობლემაა. აუცილებელია, ნიადაგი იყოს შესწავლილი, რამდენად კარგი ხარისხის ყურძენი მოდის, რადგან კარგი ნიადაგი თუ არ იქნება, ვერ მივიღებთ კარგ ყურძენს და მერე შესაბამისად ღვინოს. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს საკითხიც გაკონტროლებული იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს, სად რომელი ჯიშის ვაზი ირგვება. მაგალითად, ალექსანდროული და მუჯურეთული შეუძლებელია მოიყვანო ლაგოდეხში. ყოფილა ამისი მცდელობა და აბსოლუტურად გააფუჭეს მიწა. ყურძენმა ვერ მიიღო ის თვისებები, რაც აქვს რაჭაში და ამიტომ რეგულაცია, რომელიც ხარისხის უკავშირდება, მისაღებია“, – განაცხადა შორენა პატარიძემ.
შეგახსენებთ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს და არ უნდა იყოს სპონტანური. მისივე თქმით, მომავალი წლის რთველზე გაჩნდება ახალი ფასი – ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად.

