თელავის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი, რომელსაც მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ სამსახურიდან გაათავისუფლეს
თელავში, პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თელავის მეფე ერეკლე II- ის სახელობის სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის სკოლიდან გათავისუფლების ბრძანებას დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.
მანამდე კი, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა რამდენჯერმე იმსჯელა და ბიოლოგიის მასწავლებელის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეხება დაადასტურა.
დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, არც სკოლის დირექტორი და არც გათავისუფლებული მასწავლებელი.
შეგახსენებთ, შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. მოსწავლის დედის ინფორმაციით, მისი შვილი მასწავლებლის მოთხოვნას,საკლასო ოთახის დატოვებასთან დაკავშირებით არ დაემორჩილა, რის გამოც მას პედაგოგმა ხელი ჰკრა.