საქართველოს უნივერსიტეტი თელავში ბიბლიოთეკას გახსნის
საქართველოს უნივერსიტეტი თელავში მდებარე კახეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის.
საქართველოს უნივერსიტეტის კახეთის რეგიონული წარმომადგენელი ელენე გვერდელაშვილი განმარტავს, რომ ეს არის კიდევ ერთი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც კახეთის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტს მიიღებს.
,,ბიბლიოთეკაში, ძირითადად, წარმოდგენილი იქნება პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირები გაიღრმავებენ ზოგად თუ პროფესიულ განათლებას და გაეცნობიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.
საქართველოს უნივერსიტეტი, მუდმივად ცდილობს იყოს პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციული მოქალაქე და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის ლობისტი’’,- განუცხადა Knews.ge-ს ელენე გვერდელაშვილმა.
ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიება 20 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება.