თელავში სმენისა და მეტყველების პრობლების მქონე პირების საჭიროებებზე იმსჯელეს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები თელავში სმენისა და მეტყველების პრობლემის მქონე ბავშვთა მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სმენის პრობლემის მქონე პირების საჭიროებებზე ისაუბრეს და მისი მოგვარების გზებზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით დღეისთვის არსებულ სამართლებრივ მექანიზმებსა და შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიზნებზეც იმსჯელეს.
,,კონვენცია წარმოადგენს ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას სახელმწიფოთა შორის, რომელიც ამავდროულად განსაზღვრავს სახელმწიფოთა ვალდებულებებს.
მისი მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შშმ პირთა თანაბარი უფლებების, თავისუფლებათა რეალიზების და მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხედავს ან იცის, რომ ირღვევა შშმ პირთა უფლებები და სურს დახმარება, შეუძლია მოგვმართოს ჩვენ ან დარეკოს ცხელ ხაზზე.
აღნიშნულ ფაქტს გამოვიკვლევთ და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვახდენთ”, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ეთო შიუკაშვილმა.