ახალი ამბები

კომპანია ,,მარლეტა” სოფელ შალაურში ყველის სადეგუსტაციო და საგამოფენო სივრცეს გახსნის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ყველის მწარმოებელი კომპანია ,,მარლეტა”, მცირე საწარმოსთან ახლოს უახლოეს პერიოდში ყველის სადეგუსტაციო და საგამოფენო სივრცეს გახსნის.

,,მარლეტას” დამფუძნებელი სოფო გორგაძე აღნიშნავს, რომ სივრცეს ექნება კულტურულ- საგანმანათლებლო დატვირთვა, სადაც გაიმართება სხვასდასხვა სახის ფესტივალები და ღონისძიებები.

,, მე და ჩემი მეუღლე თბილისიდან სოფელ შალაურში 2009 წელს გადმოვედით და აქ ვართ მას შემდეგ. 2010 წლიდან დავიწყეთ ყველის წარმოება. სადაც ჩვენ დავსახლდით ის სივრცე განვავითარეთ. აქვე გვაქვს ყველის პატარა საწარმო, რომელსაც დაემატა ღია სივრცე, სადაც მამაჩემის, მხატვარ მალხაზ გორგაძეს ნახატების მუდმივმოქმედი გამოფენა იქნება და ყველა მსურველს შეეძლება მოსვლა.

ასევე აქ იქნება ძალიან ლამაზი და არასტანდარტული სივრცე, სადაც ყველა შეძლებს ყველის დაგემოვნებას და ნახატების დათვალიერებას. ჩვენ გვინდა, რომ ამ სივრცემ კულტურულ საგანმანათლებლო დატვირთვაც მიიღოს: მოეწყოს შეხვედრები, ფესტივალები, ასევე იქნება ხელოვანების, მეწარმეების წარდგენა და სხვა. გარდა ამისა, მაღაზიაც გვექნება ადგილზე. გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება”,- განუცხადა Knews.ge-ს სოფო გორგაძემ.

მისი თქმით, ეს იქნება ღია სივრცე, რომელის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით იქნება უსაფრთხო.

,, ღია სივრცე გვექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე გვაქვს სხვა გეგმებიც, თუმცა პანდემიის პერიოდში ბევრი სირთულეების წინაშე დავდექით. ჩვენ გვინდა უფრო მეტი გავაკეთოთ და აქედან წასვლას არ ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა დავიწყებთ საქმიანობას და მომავალში ეს უფრო საინტერესო და მასშტაბური გახდება”,– აღნიშნა სოფო გორგაძემ.

სოფომ მეუღლესთან, ლევან ცაგურიასთან ერთად სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობა 2010 წელს დაიწყო და დღეს, რამდენიმე სახეობის ძროხის და თხის ყველს აწარმოებს, რომელიც ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება.
წყვილმა ყველის საწარმო „მარლეტას ფერმა“ საკუთარი ხელით ააშენა. ქვევრის ღვინო ,,შალაური”, თხის ყველი ნახშირით, თხის რძის რბილი ყველი თეთრი ობით “ბონა”, თხის ყველი წალმის ნაცრით, ძროხის რძის რბილი ყველი თეთრი ობით და ნახშირით ,,აშმელო”, ,,ლაბნე” თხის რბილი ყველი, ერბო და სხვა რამდენიმე პროდუქტი ,,მარლეტას” ბრენდის ქვეშ იწარმოება და ოჯახი მის რეალიზიას ინტერნეტის საშუალებით ახდენს.


,,საქმიანობა ერთი ძროხით დავიწყეთ. მეგობარმა ძროხა გვაჩუქა და რომელსაც ერქვა ,,მარლეტა”. იმდენ რძეს იწველებოდა, რომ გადავწყვიტეთ ყველი გვეწარმოებინა და ამას შემდგომი განვითარებაც მოყვა. ძროხის და თხის ყველს ქართული და ევროპული ტექნოლოგიის სინთეზით ვაწარმოებთ.

გვყავდა ასევე თხები და ძროხები, თავიდან ფერერულ საქმიანობასაც ვეწეოდით,, თუმცა ეს დიდ შრომას მოითხოვდა და ამას გავწვდებოდით. ორი სხვადასხვა სფეროა მეცხოველეობა და ყველის წარმოება, ამიტომ გავაუქმეთ ფერმა და გადავედით რძის ყიდვაზე. გვყავს პარტნიორი ფერმები, იქიდან მოგვაქვს რძე და ვამზადებთ რამდენიმე სახეობის ყველს.”

ყველის მწარმოებელი და მთავარი ტექნოლოგი ლევან ცაგურია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ყველის წარმოებას კომერციული სახე მისცა, რეალიზაციის პრობლემა არ შექმნიათ. მიუხედავად განსხვავებული საგემოვნო თვისებებისა, ბაზარმა სიახლე აითვისა.
,,ყველის სახეობა, რომელსაც ვაწარმოებთ, საზღვარგარეთ ხუთჯერ ძვირია. საგემოვნო თვისებების გარდა, იმითაც არის გამორჩეული, რომ არ იწვევს ალერგიას“, – ამბობს ლევან ცაგურია.